აეროპორტების მოსაცდელი დარბაზების მსოფლიო ბაზარი სწრაფად იზრდება — 2021-დან 2024 წლამდე ის წელიწადში 16.66%-ით გაიზარდა, რაც ბიზნეს-ლაუნჯებზე მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს.
ამ ტენდენციის გათვალისწინებით, Booking.com for Business-ის ექსპერტებმა გამოავლინეს საუკეთესო აეროპორტები ბიზნეს-მოგზაურებისთვის. ინდექსის შედგენისას მათ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, მოსაცდელი დარბაზების რაოდენობა, ახლომდებარე სასტუმროების რაოდენობა და ქალაქის ცენტრამდე მანძილი გაითვალისწინეს.
კვლევის თანახმად, სუვარნაბჰუმის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი დარბაზების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს — 40. მას ასევე კარგი შედეგები აქვს ახლომდებარე სასტუმროების რაოდენობითაც — 1.5 კილომეტრის რადიუსში 21 სასტუმროა. ბიზნეს-მოგზაურობისთვის მისი მოხერხებულობის საერთო შეფასება 10-დან 6.06-ს შეადგენს.
დუბაი კი ბიზნეს-ტურისტებისთვის საუკეთესო საერთაშორისო ჰაბად დასახელდა, რომელმაც 10-დან 9.73 ქულა დააგროვა. დუბაის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მარშრუტების ქსელი აქვს: ის 264 პირდაპირ რეისს ემსახურება, რომელთაგან 94.7% ბიზნეს-კლასს მოიცავს. აეროპორტიდან 1.5 კილომეტრის რადიუსში 48 სასტუმროა, დუბაის ბიზნეს-ბეიმდე კი მანქანით მხოლოდ 18 წუთში შეიძლება მისვლა, რაც მას ბიზნეს-მოგზაურებისთვის ძალიან მოხერხებულს ხდის.
ყველაზე მეტი სასტუმრო ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს — 1.5 კილომეტრის რადიუსში აქ 397 სასტუმროა.
ბიზნეს-რაიონამდე ყველაზე მცირე მანძილი მადრიდის აეროპორტს, ბარახასს აქვს — კუატრო-ტორესამდე მანქანით სულ რაღაც 9 წუთის გზაა.
კვლევაში მეორე ადგილი ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტმა, ჰანედამ დაიკავა, რომელმაც ბიზნეს-აქტივობის რეიტინგში 10-დან 8.56 ქულა მიიღო. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს-რაიონ მარუნოუჩიმდე მანქანით მგზავრობას ნახევარი საათი სჭირდება.
გარდა ამისა, აეროპორტის ტერიტორიაზე 28 მოსაცდელი დარბაზია, ხოლო მარშრუტების 95.1%, რომლებსაც ის ემსახურება, მგზავრებს ბიზნეს-კლასს სთავაზობს.
ბიზნეს-ტურისტებისთვის მოხერხებულობის კუთხით მესამე ადგილზე გერმანიის ფრანკფურტ-მაინის აეროპორტია 8.39 ქულით. ფრანკფურტი ქვეყნისა და მთელი ევროპის რეგიონის მსხვილი ფინანსური და ბიზნეს-ცენტრია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის 293 პირდაპირ რეისს ემსახურება, თუმცა მათგან მხოლოდ 44.37% მოიცავს ბიზნეს-კლასს.
აეროპორტი ქალაქის ცენტრალური ბიზნეს-რაიონიდან, ბანკენფიტელიდან, სულ რაღაც 16 წუთის სავალზე მდებარეობს, ახლომდებარე 19 სასტუმრო კი განთავსების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მის კეთილმოწყობებს შორისაა სიწყნარის ოთახი პირველ ტერმინალში, რომელიც მედიტაციისთვის არის განკუთვნილი, და მრავალრიცხოვანი სკამი, რომლებიც ხმის იზოლაციის მქონე მინითა და ჩაშენებული დინამიკებით არის აღჭურვილი, რათა მგზავრებმა საყვარელი მუსიკით დატკბნენ.
ამასთან, სტამბოლის აეროპორტის ქსელი, რომელმაც 10-დან 6.56 ქულა დააგროვა, 301 პირდაპირ მარშრუტს მოიცავს, რაც კვლევაში მონაწილე აეროპორტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათი 91% კი ბიზნეს-კლასის მომსახურებას ითვალისწინებს.












