დუბაიში ტურიზმის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა. 2024 წელს ქალაქმა 18,72 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც 9%-ით აღემატება გასული 2023 წლის შედეგს.

დუბაიში ტურისტული ნაკადების ზრდა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (+24%), აფრიკა (+20%) და დსთ და აღმოსავლეთ ევროპა (+16%). მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლეთ ევროპიდან ვიზიტორთა რაოდენობაც (+14%).

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების გასაძლიერებლად ინტენსიურ სამუშაოებს განაგრძობს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით დუბაი ყველა პრეფერენციისა და ბიუჯეტის მოგზაურებს აკმაყოფილებს.

დუბაის ტურიზმისა და კომერციის მარკეტინგის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის (Visit Dubai), ისამ ქაზიმის თქმით, 2024 წლის ტურისტული მაჩვენებლები დივერსიფიცირებული მარკეტინგული კამპანიების შედეგებს ასახავს, რამაც ხელი შეუწყო დუბაის, როგორც ბიზნესის, დასვენებისა და ინოვაციების გლობალური ჰაბის პოზიციონირებას.

„2025 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია არათუ შევინარჩუნოთ დუბაიში უმაღლესი სტანდარტები, არამედ მუდმივად განვახორციელოთ ინოვაციები და გადავაჭარბოთ როგორც ახალი ტურისტების ისე ერთგული ვიზიტორებისა თუ მაცხოვრებლების მოლოდინებს“ -განაცხადა ისამ ქაზიმმა.

დუბაის ტურიზმის ინდუსტრია 2024 წელს არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი იქნა აღიარებული: World Travel Awards-მა ქალაქი მსოფლიოს წამყვან სავაჭრო და საგამოფენო ადგილად დაასახელა, მინა რაშიდი მსოფლიოს წამყვან საკრუიზო პორტად, ხოლო დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად. იმავე აეროპორტმა, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი შეინარჩუნა და 2024 წელს 92,3 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

2024 წლის განმავლობაში დუბაი მუდმივად ლიდერ ადგილს იკავებდა გლობალურ რეიტინგებში: Numbeo Safety Index-ის (2024) მიხედვით, ქალაქი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ხუთეულში მოხვდა; Savills Executive Nomad Index-ის მიხედვით დუბაი დისტანციურად მომუშავე პროფესიონალების მთავარ მიმართულებად რჩება და ზედიზედ მეხუთე წელია ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე სუფთა ქალაქების სიაში Global Power City Index-ის (GPCI) მიხედვით.

2024 წელი დუბაისთვის ბიზნეს, გასართობი და სპორტული ღონისძიებების მდიდარი პროგრამითაც გამოირჩეოდა. Dubai Fitness Challenge-ს რეკორდული 2.7 მილიონი მონაწილე შეუერთდა, ხოლო დუბაის შოპინგი ფესტივალმა 30 წლის იუბილე აღნიშნა. გამოფენებმა და ბიზნეს ფორუმებმა ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადის ზრდას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყო ხელი. ყველაზე დიდ ღონისძიებებს შორის იყო GITEX Global (200,000 მონაწილე), Gulfood (150,000), Arabian Travel Market (46,000).