არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ დუბაიში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტის პროექტი წარმოადგინა. ახალ პროექტს, რომელიც 33 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ეწოდა Dubai World Central (DWC).
იგეგმება, რომ 2050 წლისთვის Al Maktoum-ის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შემდეგ Dubai World Central-ი გახდება მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი, რომელიც წელიწადში 255 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
დუბაის მთავრობამ განაცხადა, რომ Dubai Aviation Engineering Projects-მა (DAEP) აეროპორტის საძირკვლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც იქნება ყველაზე დიდი ერთჯერადი ღირებულების კონტრაქტი, რომელიც აეროპორტისთვის დღემდე გაფორმებულა.
აეროპორტის საერთაშორისო საბჭოს (ACI) მონაცემებით, დუბაის აეროპორტი ზედიზედ 3 წელია ლიდერობს სხვა ქვეყნებიდან მგზავრების რაოდენობით.