ჩინური ავიაკომპანია Donghai Airlines-ის პილოტმა და ბორტგამცილებელმა ფრენის დროს იჩხუბეს. შედეგად პილოტმა კბილი დაკარგა, ხოლო ბორტგამცილებელს ხელი მოტყდა.
როგორც ირკვევა მამაკაცებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პილოტი კაბინიდან გამოვიდა და პირველი კლასის საპირფარეშოს მიმართულებით გაემართა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, პილოტმა საპირფარეშოში შესვლის დროს დაინახა მგზავრი, რომელიც აღნიშნულ საპირფარეშოს უახლოვდებოდა და მას მიუთითა, რომ უკან დაბრუნებულიყო და საკუთარ სავარძელზე დაეცადა და არა საპირფარეშოს კართან.
გამოსვლისას კი პილოტმა დაინახა იგივე მგზავრი, რომელიც საპირფარეშოს კართან იცდიდა.
პილოტმა იმავე წამს პირველი კლასის მომსახურე ბორტგამცილებელი დაადანაშაულა იმაში, რომ ის საკუთარ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებდა. როგორც აღნიშნული რეისის მგზავრები ყვებიან, პილოტი ბორტგამცილებელს თავს დაესხა. კონფლისტის შედეგად კი დაზარალდა ორივე: პილოტმა კბილი დაკარგა, ხოლო ბორტგამცილებელმა ხელის მოტეხილობა მიიღო.