დოლმაბაჰჩე არის თურქი სულთნების სასახლე, რომელიც სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროს ევროპულ მხარეს მდებარეობს. სასახლე აგებულია 1842-1853 წლებში, აბდულ-მეჯიდ |-ისთვის, რომელმაც თოფქაფისშუასაუკუნეების სასახლე დაიწუნა და გადაწყვიტა, ბაროკოს სტილის სასახლე აეშენებინა.
სასახლის მშენებლობა ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ექვივალენტი დაჯდა. მხოლოდ სასახლის ჭერისთვის თოთხმეტი ტონა ოქრო ფირფიტების სახით იქნა გამოყენებული.
შენობის სტილი დასავლური სტილისაა, ბაროკოს, როკოკოსა და ნეოკლასიკური ტრადიციების კვალით, რომელშიც ოსმალეთის ტრადიციული კულტურა და ხელოვნებაა შერწყმული.
დოლმაბაჰჩეს სასახლეში 1856 წლიდან 1924 წლამდე, მანამ სანამ სახალიფო გაუქმდებოდა, ექვსი სულთანი ცხოვრობდა. უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც აქ ცხოვრობდა, იყო ხალიფა აბდულმეჯიდ ეფენდი. 1924 წლის 3 მარტს კი მიღებული კანონის თანახმად, სასახლე ახალი რესპუბლიკის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოცხადდა. მუსტაფა ქემალ ათათურქი – თურქეთის თანამედროვე რესპუბლიკის დამაარსებელი სასახლეს საზაფხულო საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებდა. მან აქ გაატარა მისი უკანასკნელი დღეები და 1938 წლის 10 ნოემბერს აქვე გარდაიცვალა.
მსოფლიოს უდიდესი ბოჰემური ბროლის ჭაღი სასახლის ცენტრალურ დარბაზშია დაკიდული. ჭაღს 750 ნათურა აქვს და 4,5 ტონას იწონის. დოლმაბაჰჩეს ბოჰემიური და ბაკარას ბროლის ჭაღების უდიდესი კოლექცია აქვს მსოფლიოში. მისი მთავარი ფოიეს კიბეს ბაკარას ბროლის სახელურები აქვს.
დოლმაბაჰჩე თავდაპირველად ბოსფორის ყურეზე იდგა, თუმცა XVIII საუკუნეში მის ირგვლი ტერიტორია თანდათან შეივსო და აქ საიმპერატორო ბაღი გაშენდა, რაც სულთნების საყვარელი ადგილი იყო. სასახლის სახელი სწორედ ამ ბაღისგან მომდინარეობს: დოლმაბაჰჩე “შევსებულ ბაღს” ნიშნავს.
ბაღი მართლაც შევსებულია უამრავი ფერადი ყვავილით, შადრევნითა და ქანდაკებებით. არ არსებობს ადამიანი ვისაც დოლმაბაჰჩეს ბაღის ბრწყინვალება თვალს არ მოჭრის.
დოლმაბაჰჩეს სასახლე ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ჰარემი და პალასი. ამ უკანასკნელში ძირითად განლაგებულია მისაღები ოთახები, სადაც ტარდებოდა სახელმწიფო შეხვედრები. ჰარემი კი ტურისტებისთვის მეტად საინტერესოა. ამ ნაწილში განლაგებულია სულთნებისა და უფლისწულების ოთახები, ასევე ტრადიციული თურქული მარმარილოს აბანოები და სხვ.