გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დღეიდან, დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
“მოხარული ვართ, რომ დღეიდან, ლუფტანგა ჯგუფში შემავალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დიუსელდორფის მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. წინასწარმა გაყიდვებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდა. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
Eurowings-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ავიაკომპანია Eurowings-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.