დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის პირობებშიც კი აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს. ამასთან, ინტენსიურად იწმინდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.

დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების გამო, რაც უამინდობით იყო გამოწვეული, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.

უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება.