ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე ოფიციალურად მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პირდაპირ პროპორციულად  დაეხმარება  ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით,  სექტორის წარმომადგენლებს 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ და პირველ ნოემბრამდე  არ მოუწევთ  საშემოსავლო და  ქონების გადასახადის გადახდა.

„ეს პირდაპირ ეხება 18 ათას გადამხდელს და დაახლოებით 50 ათას დასაქმებულ პირს. ჯამში   ტურიზმის მიმართულებით ეკონომიკაში 100 მილიონ ლარზე მეტი რჩება. მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია გაძლიერდეს.  

დღეს მთავარია ტურიზმის სფეროში  როგორც მცირე, საშუალო, ასევე მსხვილმა კომპანიებმა  შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. იმ სასტუმროებს, რომლებსაც მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 50 ნომერი აქვთ  სახელმწიფო საბანკო სესხების თანადაფინანსების კუთხით დაეხმარება.

უშუალოდ აღნიშნულ პროექტს  „აწარმოე საქართველოში“ კურირებს.  ფინანსთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა პროექტი, სადაც დეტალურად აღწერილია ტურიზმის მიმართულებით რა ტიპის კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეღავათებით ისარგებლონ,  მოცულობა საკმაოდ დიდია. სასტუმროებთან ერთად ეს ეხება ტურისტულ კომპანიებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო, შეხვედრების ინდუსტრიის და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებს”, -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.  

„დღე  ჩვენ ორი მისია გვაქვს. შევინარჩუნოთ  უკვე აშენებული, ძლიერი ტურიზმის ინდუსტრია და ამ სფეროში დასაქმებულებს ჰქონდეთ შემოსავლის წყარო. ეს არის გარდამავალი  პერიოდი და ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია. გვყავს ძლიერი კერძო სექტორი,  საქართველოს მთავრობა გამოირჩევა ძალიან სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებებით,  განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის მხარდამჭერი პროექტებით”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.