როცა დავიწყეთ, მეც და კომპანიამაც, თბილისის აეროპორტს ჰყავდა 445 000 მგზავრი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დღეს 2020 წლის იგივე დღეს, არის ზუსტად იმდენივე მგზავრი რაც იყო 2005 წელს, წერს სოციალურ ქსელში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე. თეა ზაქარაძე ამბობს, რომ COVID-19-ს პანდემიის ფონზე, უკვე მერვე თვეა აეროპორტი მუშაობს შეზღუდული ოპერირების რეჟიმში და ამ ხნის განმავლობაში მისი ყოველი დილა იწყება მეილებით, რეისების რაოდენობაზე თვალის გადავლებით და უსასრულო გათვლებით.
“მოკლედ: როგორც მიყვარს ხოლმე დაწყება, დღეს 17 სექტემბერია, ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ ვერ შევძელი, დრო ვერაფრით ვერ გამოვნახე.
15 სექტემბერს 2020 წელს, ზუსტად 15 წელი შემისრულდა დიდ ავიაციაში. 15 წლის წინ გავიცანი ტავი და გავხდი ჯერ ტაველი და მერე აეროპორტელი. 15 წელია ყოველდღე გავდივარ ჩემთვის გრძელ გზას აეროპორტამდე. 15 წელია ყოველი დღე არის ახალი , ცოცხალი,საინტერესო, სხვანაირი , აქტიური, ემოციური… უამრავი სახე, ნაცნობი, უცნობი, სხვადასხვა ენები, კულტურები, ქვეყნები.. საჰაერო ხომალდები; დიდები და პატარები, ტვირთები, მიღებები და გაცილებები, უცნაური ტერმინები, ურთულესი რეჟიმი, საავიაციო საწვავის სუნი და თვითმფრინავების ძრავების გუგუნი და უამრავი გაჭრილი first flight cakes..
გავიზარდე მეც და აეროპორტიც 🙂 ცოტა სხვანაირად ვხედავდი ამ თარიღს, ცოტა სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ მხოლოდ ჩვენი წარმოდგენები არ ქმნის რეალობას სამწუხაროდ. როცა დავიწყეთ, მეც და კომპანიამაც, თბილისის აეროპორტს ჰყავდა 445 000 მგზავრი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დღეს 2020 წლის იგივე დღეს, არის ზუსტად იმდენივე მგზავრი რაც იყო 2005 წელს …ისევ 445 000 მგზავრი … მე-8 თვეა აეროპორტი მუშაობს შეზღუდული ოპერირების რეჟიმში, მე-8 თვეა ყოველი ჩემი დილა იწყება მეილებით , რეისების რაოდენობაზე თვალის გადავლებით და უსასრულო გათვლებით, ფიქრით… მიხარია 5 რეისიც, როცა გვქონდა 125, მიხარია 100 მგზავრიც 24 საათში, როცა გვყავდა 10 000 … ეს სიჩუმე აღარ დამთვარდა, ისევ არ ისმის გამოცხადებები, ისევ არ ისმის თვითმფრინავის ძრავების ხმა, იშვიათად ისმის და ისე მიხარია, რომ ვერ გადმოგცემთ.
15 წელი – ძალიან ნაყოფიერი 15 წელი, ბევრი ემოციით, ბევრი პოზიტივ- ნეგატივით დატვირთული 15 წელი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევეგებეთ ჯერ 1ს, მერე 2ს ,3,4 მილიონ მგზავრს …და ეხლა ვიწყებთ ათვლას თავიდან !!!
მოკლედ: ამ ჩვენი გამოცდილებით, ამ საოცარი გუნდით, ჩემს უერთგულეს, უშრომისმოყვარე, პროფესიონალ ადამიანებთან, ჩემს თანამშრომლებთან ერთად ჩვენ ამ დღეებს გადავლახავთ, გავუძლებთ სიჩუმესაც, სიცარიელესაც და უფრო მეტი ხმაურით, სიხალისით, შემართებით ავაგუგუნებთ აეროპორტს ისევ!!! უფრო მეტი ავიაკომპანიით, რეისით, მგზავრით ჩვენ ისევ ავხმაურდებით ძველებურად! ძალიან მალე ! კოვიდიც გადაივლის, ისევ ვიფრენთ თავისუფლად და ისევ დაგელოდებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში .. ტავ ჯორჯია / თეა ზაქარაძე 15 წელი….”, წერს თეა ზაქარაძე.