12 თებერვლიდან ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა. რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
,,დღეიდან, განვაახლეთ შიდა ფრენები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ ხმის განმავლობაში ფრენები არ შეჩერებულა თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰარეო ხომალდზე პირბადის ტარება. ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები, რომელიც აქამდე არასრულწლოვნებზე მოქმედებდა კვლავ ძალაში რჩება”- ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.
შეგახსენებთ, ავიაბილეთის ღირებულება მესტიის მიმართულებით ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს, ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარს. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets