მთავარი სიახლეები დღეიდან ბათუმი-თბილისის გზა ნახევარი საათით მცირდება

დღეიდან ბათუმი-თბილისის გზა ნახევარი საათით მცირდება

223

„დღეს დასრულდა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ვხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, რომელიც, ამავე დროს, ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ამ, ახალ გზაზე გადაერთვება. ეს გახლავთ 32 კილომეტრიანი გზა ორი გვირაბითა და 15 ხიდით. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე, თითქმის, 1200 მეტრი გახლავთ,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ახალი, 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს (ADB) პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის, აგრეთვე პროექტის კონტრაქტორ კომპანიასა და მშენებლებს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სწორედ, ამ შრომის შედეგია მასშტაბური საგზაო სამუშაოების დადგენილ ვადაში წარმატებით დასრულება.

„მოგეხსენებათ, როგორ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის გზა, რომელიც სარფის საზღვრისკენ, ბათუმისა და ფოთის პორტებისკენ ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადიოდა. დღეიდან, ამ ზონაში სრულიად სხვა რეალობა იქნება. ეს გზა გაზრდის სატრანზიტო სატრანსპორტო მიმოსვლას და, მინიმუმ, 30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს; შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წელს აჭარა ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება და მზად არის დიდი ტურისტული ნაკადის მისაღებად. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ტურისტული პოტენციალი და ამასთან, ხელი უნდა შეეწყოს ტურიზმის განვითარებას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს, ეს კი, შექმნის წინაპირობას, რომ მივიღოთ უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებში და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის ბოლომდე მიყვანა, რათა მთელი ავტომაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ისეთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშნელოვან და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისთვის,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და სხვა ტიპის აქტივობებზე გაამახვილა.

„უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საპატრულო პოლიციის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები, საავტომობილო ქსელის, გზების მდგომარეობა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ აქტივობების შედეგია ის, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საქართველოზე გამავალი უმოკლესი მარშრუტი გახდა უფრო მიმზიდველი საერთაშორისო გადამზიდი კომპანიებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პროექტიდან მიღებული ეკონომია სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

„მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ძალისხმევა ერთიანდება, პროექტი აუცილებლად სრულდება შესაბამის დროში და წარმატებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ეკონომია, რაც ჩვენ მივიღეთ ამ პროექტიდან, მოხმარდება ამ გზის განათების ორგანიზებას და აგრეთვე, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის დაგებას აჭარის მაღალმთიან რეგიონში. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეროვნული მნიშვნელობის გზების პარალელურად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაკეთებაც,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ დოუსონი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.