ამერიკულმა ავიაკომპანიამ Delta Air Lines-მა ბორტზე SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი გამოსცადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ბასტიანმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში გააკეთა.

ბასტიანმა კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ Delta Air-ს მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბორტზე ინტერნეტი უნდა იყოს სწრაფი და უფასო. ავიაკომპანია ასევე აწარმოებდა უფასო Wi-Fi საპილოტე პროგრამას შერჩეულ მიმართულებებზე კორონავირუსის პანდემიამდე.

გასულ თვეში Delta Air-მა განაცხადა, რომ მან 300-მდე თვითმფრინავი აღჭურვა სატელიტური კომპანია Viasat-ის მიერ მიწოდებული Wi-Fi ინტერნეტით. ეს სერვისი კი ფრენის განმავლობაში $5 ღირს.

ავიაკომპანიები აქტიურად ეძებენ ახალ შესაძლებლობებს თვითმფრინავების ბორტზე უკაბელო ინტერნეტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია ბიზნეს-კლასის მგზავრებს შორის, რომლებსაც ხშირად ესაჭიროებათ ონლაინ რეჟიმში დარჩენა.

ამ დროისთვის, სატელიტური კომპანიები, როგორიცაა Intelsat SA და Viasat საჰაერო ხომალდებს Wi-Fi აღჭურვილობით უზრუნველყოფენ. როგორც Intelsat-ის ვიცე-პრეზიდენტმა დეივ ბიჟურმა თქვა, ავიაკომპანიების უმეტესობა ეძებს გზას, რათა უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ინტერნეტი დამატებითი გადამცემი მოწყობილობების დაყენების გარეშე.

SpaceX-ის Starlink-ის თანამგზავრი ასევე ცდილობს დაიკავოს თავისი ნიშა საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე. კომპანიამ აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიისგან (FCC) თვითმფრინავებში სატელიტური ინტერნეტის შესამოწმებლად შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. მაგრამ ის ასევე უნდა იყოს სერტიფიცირებული აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მიერ, სანამ მისი აღჭურვილობა სრულმასშტაბიან გამოყენებაში შევა.