დაცული ტერიტორიებისადმი ვიზიტორების ინტერესი იზრდება. მაისში დაცულ ტერიტორიებზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 225 596 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 37%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21 %-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაონდეობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.

5 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
• პრომეთეს მღვიმე
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• მარტვილის კანიონი
• ოკაცეს კანიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

2019 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებზეც 6 690 000 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ამათგან უკვე დასრულდა ოკაცეს კანიონის და სათაფლიას აღკვეთილის რეაბილიტაცია. თოკების პარკი მოეწყო მტირალასა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. საგამოფენო სივრცე მოეწყო ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში.

უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იცვლება პრომეთეს მღვიმეში განათებისა და აუდიო სისტემა. ოკაცეს ჩანჩქერზე კი მონტაჟდება ზიპ-ლაინი.