დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი ცაში დააბრუნებს მოძველებულ, არაეკონომიურ სსრკ-ს დროინდელ სამგზავრო თვითმფრინავს, ილ-86-ს. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ სამი ასეთი თვითმფრინავის აწყობა S7 Airlines-თვის  მალე დასრულდება. მისივე გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიისთვის კიდევ ორი ​​სატვირთო თვითმფრინავი ილ-96 აეწყობა.

S7 Airlines-ს ამ განცხადებაზე პირდაპირ კომენტარი არ გაუკეთებია. კომპანიამ საბჭოთა კავშირის ყველა თვითმფრინავზე უარი 2008 წელს თქვა და მთლიანად გადაეწყო დასავლური წარმოების Airbus-ის, Boeing-ის და Embraer-ის გამოყენებაზე. ცხადია ეს თვითმფრინავები გაცილებით ეკონომიური და მგზავრებისთვის უფრო კომფორტულია.

როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომლის ფარგლებშიც რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო ხომალდების, სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ასევე მათი ტექნიკური მომსახურება იზღუდება.

​ასევე, სანქციების გამო ევროპულმა სალიზინგო კომპანიებმა თავიანთი თვითმფრინავები რუსეთიდან გაიყვანეს. S7 Airlines-მა ასეთი თვითმფრინავები მფლობელებს მარტის ბოლომდე უნდა დაუბრუნოს. თუ ავიაკომპანია ამას გააკეთებს, ის უმეტესობა თვითმფრინავების გარეშე რჩება. დანარჩენი თვითმფრინავების გამოყენებას კი ავიაკომპანია უახლოეს თვეებში ვეღარ შეძლებს, რადგანაც მათთვის სათადარიგო ნაწილებს ვერ მიიღებს. თუმცა ეს არ მოხდება, თუ ავიაკომპანია ყალბი ნაწილების უკანონო მიღებაზე გადავა.

ილ-86, რომელიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანიას შესთავაზა 1997 წლამდე იწარმოებოდა. ამ დროისათვის ამ მოდელის არც ერთი თვითმფრინავი მსოფლიოში გამოყენებაში არ არის. აღნიშნულმა მოდელმა ბოლო ფრენა 2011 წლის იანვარში შეასრულა.

უცხოური მედიის აზრით, სავარაუდოდ, რამდენიმე დაუსრულებელი თვითმფრინავი დაკონსერვებულია ვორონეჟის ქარხანაში, სადაც ილ-86 იწყობოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ხომალდები 25 წლისაა. ირკვევა, რომ ერთი თვითმფრინავი ნოვოსიბირსკის, S7 Airlines-ის საბაზო აეროპორტში დგას, როგორც სამუზეუმო ექსპონანტი.

ცნობილია, რომ ილ-86-ის შემუშავება დაიწყო სსრკ-ში 1970-იან წლებში. იგი აღჭურვილი იყო ოთხი ძრავით. არაეფექტურობის გამო ის ჯერ რეგულარული, შემდეგ კი ჩარტერული ფრენებიდან ამოიღეს.