დანიის საპენსიო ფონდი AkademikerPension ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ში საკუთარ წილს, ავიაკომპანიების თანამშრომლების სავარაუდო „ადამიანის და შრომითი უფლებების დარღვევის“ გამო, ყიდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ფონდი იყო ერთ-ერთი იმ 14 ინვესტორს შორის, ვინც გასულ დეკემბერში მიმართა Wizz Air-ს, რათა თანამშრომლებისთვის პროფკავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების საშუალება მიეცა.
AkademikerPension-მა თქვა, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ, ფონდმა ვერ დაინახა რაიმე ნიშანი იმისა, რომ Wizz Air-ის პრაქტიკა შეიცვლებოდა და ამიტომ მან გადაწყვიტა 3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების წილი მოიშოროს.
Wizz Air-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარია.
„Wizz Air თანამშრომლებთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სტრუქტურები და პროცესები, რომლებიც ღია და გამჭვირვალეა, ძალიან კარგად მუშაობს. მათ შორის ჩვენი ადამიანური რესურსების საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ფორუმს თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად“ – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
Wizz Air-მა ასევე დაადასტურა უახლოეს თვეებში 1000-ზე მეტი თანამშრომლის აყვანის გეგმები და განაცხადა, რომ მან აღადგინა სალონის ეკიპაჟისა და პერსონალის ხელფასები პანდემიამდელ დონემდე.