სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების (China Southern Airlines) ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგნელებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების არსებული მაჩვენებლები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკა, რასაც ხელი შეუწყო ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და ივნისიდან ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლამ.
ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს დირექტორს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
გივი დავითაშვილმა, ლი ჰუის წარმატებები უსურვა და თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიის მხრიდან აქტიურად იქნება განხილული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობა ჩინეთის ისეთ დიდი ქალაქებთან, როგორიცაა პეკინი და შანხაი.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრაზე გააჟღერა, 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები მოემსახურა 35 ათასამდე მგზავრს, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი დეტალურად იკვლევენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანიის არსებულ მაჩვენებლებს და აგრძელებენ მუშაობას კომერციულად საინტერესო ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების კუთხით.