თურქულ სამზარეულოში დესერტს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ძველი პერიოდიდან დღემდე მოყოლებული იგი ოსმალური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. წვეულებები, დღესასწაულები, რელიგიური დღეები  თურქეთში ტკბილი კერძებისა და დესერტების გარეშე არასდროს ჩაივლის, რადგან თურქ ხალხს იგი განსაკუთრებულად უყვარს.  მსოფლიოში ყველაზე მეტად ბაქლავას იცნობენ, თუმცა არის კიდევ ბევრი ტკბილელული, რომლებიც ტურისტების უსაყვარლეს დესერტებად ითვლება.

რახათ-ლუხუმი (თურქ. Rahat Locum), ან უბრალოდ ლოქუმი – თურქული საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც მზადდება სახამებლისა და შაქრისაგან. ძირითადი სახეობები ასევე მზადდება ფინიკის, თხილის ან ნიგვზისგანაც. მას ასევე ხშირად არომატიზირებენ ვარდისწყლით, ასევე ფორთოხლის, ან ლიმონის წვენით. როგორც წესი, ეს საკონდიტრო ნაწარმო პატარა კუბიკების სახითაა ხოლმე წარმოდგენილი, ზედ შაქრის, ან სხვა ტკბილი ფხვნილით, რათა ხელში აღებისას არ გასრიალდეს. არომატის გასაძლიერებლად პიტნასა და დარიჩინსაც იყენებენ. მისი შექმნის ზუსტი თარიღი და პირობები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიაში მისი აქტიური წარმოება XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო.

თურქული ბაქლავა არის საკონდიტრო ნაწარმის სახეობა და იგი მზადდება თხელი ცომის ფენებისგან, რომელსაც ეწოდება ფილო. ფილო სავსეა დაჭრილი თხილით და ტკბილი სიროფით ან თაფლით. იგი განსაკუთრებულად პოპულარული დესერტია დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებში. თურქული ბაქლავას ზუსტი წარმომავლობა ნაწილობრივ გაურკვეველია, თუმცა ითვლება, რომ იგი ოსმალეთის იმპერიის სამზარეულოებში იყო წარმოებული და შექმნილი. დროთა განმავლობაში ბაქლავა გავრცელდა ოსმალეთის იმპერიასა  და მის ფარგლებს გარეთ და ამითაც ყველამ გაიცნო. თურქეთში ბაქლავას, როგორც წესი, ამზადებენ ფისტათი, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მას ხშირად ამზადებენ ნიგვზით ან ნუშით. დღეს თურქული ბაქლავა ტურისტების საყვარელ დესერტად ითვლება. თუ გსურთ მისი დაგემოვნება,  თურქულ რესტორანსა თუ საცხობში მას ყოველთვის ნახავთ.

თურქეთში ფართოდაა გავრცელებული რძისა და ხილისგან დამზადებული ტკბილეულობაც. რძისგან მომზადებულ დესერტს ცივად მიირთმევენ და მას უპირატესობას ცხელ ამინდში ანიჭებენ. ხილისგან დამზადებულ ტკბილეულობას კი ყველა სეზონზე მიირთმევენ. ზამთარში უფრო მეტად კომშის, ვაშლის, მსხლის მსგავს ხილს ან გოგრას იყენებენ, ზაფხულში კი ატმის, ჭერამის, ლეღვის მსგავსი ხილი გამოიყენება. ძალზედ პოპულარულია „კომშის დესერტი“, რომელიც მზადდება კომშისგან. კომში იხარშება წყალში მიხაკით, ტკბილი სიროფით, მცირედი ფქვილით, ნაღებით და შედეგად, ვიღებთ უგემრიელეს Ayva tatlısı-ს.

ჰალვაც ფართოდ რის გავრცელებული თურქეთში. არსებობს  ჰალვა კაკაოს, თხილის, ფისტას, შოკოლადის და მრავალი სხვა ჯიშის. თურქეთსა და ირანში ყველაზე მეტად გავრცელებულია სეზამისგან დამზადებული თაჰინის ჰელვა (თაჰინა), რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში.

ძალიან ცნობილია ასევე დესერტი  – „Künefe“ (კუნეფე),  რომელიც მზადდება თხელი ლაფშისა და ყველისაგან. დამზადების შემდეგ, უკვე გამომცხვარს ასხამენ სიროფს და ამით იქმნება უგემრიელესი კუნეფე.

როგორც ზემოთ აღინიშნა,  თურქულ სამზარეულოში რძის და ხილის დესერტებსაც დიდ უპირატესობას ანიჭებენ. ერთ-ერთი ასეთი არის „ქეშქული“, რომლის მომზადებაც არც ისე რთულია.  იგი  ერთგვარი ნუშის პუდინგია, რომელსაც ძველი პერიოდიდან ამზადებენ და მიირთმევენ დღემდე.  მისი ძირითადი ინგრედიენტებია რძე, შაქარი, დაფქული ნუში, სახამებელი, კვერცხის გული, ქოქოსი და სხვ.

„დონდურმა“ არის ნაყინის თურქული სახელი. თურქეთში „დონდურმას“ ძირითადად ქუჩის მოვაჭრეები ყიდიან. თურქული ნაყინი, რომელსაც ქუჩის მოვაჭრეები ყიდიან, უგემრიელესია და მას ძალიან ბევრი იცნობს. აღსანიშნავია სოციალური ქსელების ვარსკვლავი Çılgın Dondurmacı, იგივე „გიჟი მენაყინე“, რომელმაც თურქული ნაყინით გაითქვა სახელი. მასთან ნაყინის ყიდვისას თან გაერთობით, თან კი უგემრიელეს ცივ დესერტს მიირთმევთ.

ოსმალეთის სასახლის სამზარეულოს კიდევ ერთ დესერტს შემოგთავაზებთ,რომელსაც ჰქვია „რევანი“. იგი მანანის ბურღულით მომზადებულ კექსზე სიროფის დასხმით მზადდება. „რევანი“  ზოგიერთი თურქული კერძის მსგავსად თაროზე შემოდებული და მივიწყებული არ გახლავთ. დღესდღეობით სასადილოებსა და სახლებში მას ისევ დიდი სიამოვნებით მიირთმევენ და მომზადებაც ადვილია. „რევანის“ წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათგან ერთ-ერთის მიხედვით, მე-17 საუკუნეში სულთან მურად  მე-4-მ სომხეთის ქალაქი ერევანი აიღო. სასახლის მზარეულებმა ამ გამარჯვების აღსანიშნავად დესერტი მოიგონეს და  იმ პერიოდში ამ ქალაქის სახელი,  „რევანი“ დაარქვეს.

შემოგთავაზეთ ის ძირითადი თურქული დესერტები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ტურისტები. მაშ ასე, თუ გადაწყვეტთ თურქეთში მოგზაურობას, არ გამოგრჩეთ ამ ტკბილეულების დაგემოვნება.