არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ თურქეთში ყავა უფრო პოპულარულია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. ამ ქვეყანაში ჩაის განსაკუთრებული ადგილი უკავია. თურქეთში ის ერთგვარ კულტურადაცაა ჩამოყალიბებული, რადგან აქ ეს სასმელი სოციალურ გამოცდილებასთან ასოცირდება და სტუმართმოყვარეობის გამოხატულებაა.

თურქეთი მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი ქვეყნების ხუთეულშია, რომელიც აწარმოებს მსოფლიოს ჩაის დაახლოებით 6-დან 10 პროცენტს. მისი უმეტესი ნაწილი კი თავად თურქეთშივე მოიხმარება.

ქვეყნის  ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბიჭებს ვერცხლის ჭურჭლით, რომლებიც ტიტების ფორმის, ჩაით სავსე ჭიქებს დაატარებენ.  აქ ჩაის რძითა და ლიმონით არ ამზადებენ, მთავარი ატრიბუტი, რომელსაც შეხვდებით, შაქრის კუბებია, რადგან თურქეთში ტკბილი ჩაი მოსწონთ. როდესაც რომელიმე მაღაზიაში შედიხართ, მეპატრონე აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩაის დალევას სტუმართმოყვარეობის ნიშნად.

მოკლე ისტორიული მიმოხილვა

თურქეთში ჩაი, როგორც მცენარე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან არსებობს, მას დიდი მოხმარება არ ჰქონია. სასმელმა პოპულარობა მეოცე საუკუნეში შეიძინა, როდესაც ოსმალეთის იმპერია დაეცა. ამ დროს ყავის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ ხალხი ვეღარ ყიდულობდა. ფასის გარდა მისი შოვნა ხშირად შეუძლებელიც კი იყო. ათათურქი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლად მიიჩნევა, საზოგადოებას ჩაის დალევისკენ მოუწოდებდა, რომელიც თურქეთში მოჰყავდათ. ამის შემდეგ, ჩაი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და მისი კულტურაც მკვიდრდება.

აქ ჩაის მოსავალს იღებენ წელიწადში სამჯერ: მაისიდან ივნისამდე, ივლისიდან აგვისტომდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ის თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის პროვინციების კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღეს თურქეთის ჩაის 70% იწარმოება რიზეს პროვინციაში, რასაც მოჰყვება აღმოსავლეთ შავი ზღვის პროვინციები  – ართვინი, ტრაპიზონი და ორდუ, ასევე კონკრეტული რაიონები გირესუნში.

 

 

თურქეთში ჩაის ყველაზე გავრცელებული სახეობებია: მუქი შავი ჩაი, წითელი და სუსტი ფერის ჩაი.

თურქებს ცხელ-ცხელი ჩაის დალევა უყვართ. მას, როგორც წესი, პატარა და ვიწრო მინის ჭიქებში ასხამენ. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეს ჭიქები წელიწადში 400 მილიონამდე რაოდენობისა იყიდება თურქეთში.

როგორც ვნახეთ, თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც სხვა მრავალ საინტერესო ფენომენთან ერთად, ჩაის თავისებურ, განსხვავებულ ტრადიციებსაც მოიცავს.