ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი, ბ-ნი რიჩარდ პიბოდი.
რატომ იცვლება ვირუსები?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19-ის ვირუსიც, იცვლება დროთა განმავლობაში და ეს ბუნებრივი ფენომენია. მიუხედავად ამისა, ახალი ვარიანტები კვლავ წარმოადგენენ პანდემიაზე ჩვენი რეაგირებისათვის გამოწვევას.
როდესაც ვირუსი მრავლდება ან გავრცელებისას ქმნის საკუთარი თავის ასლებს, ვირუსის გენომი (ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ხშირად მცირედ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციებს ვუწოდებთ და ჩვეულებრივ ისინი უმნიშვნელოა. ვირუსს ერთი ან მეტი ახალი მუტაციით ვუწოდებთ ვირუსის საწყის ვარიანტს.
რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, მით მეტად იზრდება მისი ცვლილების ალბათობა. ამ ცვლილებების შედეგად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ვარიანტი წარმოიშვას, რომელიც უკეთ ადაპტირებულია მის გარემოსთან, ვიდრე საწყისი ვირუსი. ასეთი ცვლილების და წარმატებული ვარიანტების სელექციის პროცესს ვუწოდებთ ვირუსის ევოლუციას.
რატომ იწვევს COVID-19-ის ზოგიერთი ვარიანტი მეტ ყურადღებას, ვიდრე დანარჩენები?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან SARS-CoV-2 (COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი) ცვლილებებს 2020 წლის იანვრის შემდეგ. ცვლილებების უმრავლესობას არ აქვს, ან ძალიან მცირე გავლენა აქვს ვირუსის თვისებებზე; ამავე დროს, ცნობილია რომ ზოგიერთი ახდენს გავლენას გადაცემაზე (მაგალითად, ვირუსი შეიძლება უფრო მარტივად ვრცელდებოდეს) ან სიმძიმეზე (მაგალითად, იგი შეიძლება მეტად მძიმე დაავადებას იწვევდეს).
შექმნილია სისტემები განსაკუთრებულად საყურადღებო პოტენციური ვარიანტების განსხვავებული სიგნალების აღმოსაჩენად და მათ შესაფასებლად იმ რისკის მიხედვით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ჯანმო აკვირდება ამ ვარიანტებს მთელ მსოფლიოში.
რომელია ამ მომენტისთვის ყველაზე საყურადღებო ვარიანტები და სად ხდება მათი გავრცელება?
ამჟამად ოთხი (4) ძირითადი ვარიანტია, რომელთა აღმოჩენა და მათზე შემდგომი დაკვირვება ხდება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანაში და რეგიონში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ცირკულირებადი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია SARS-CoV-2 B.1.1.7. ეს ვარიანტი პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოჩნდა, ხოლო ახლა იგი ფართოდ გავრცელდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. კიდევ მნიშვნელოვანი ვარიანტია აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში.
2021 წლის 11 მაისს, B.1.617 (თავდაპირველად ინდოეთში იდენტიფიცირებული ვარიანტი) ვირუსების ხაზი აგრეთვე დაემატა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყურადსაღები ვარიანტების კატეგორიათა რიცხვს. 2020 წლის ოქტომბერში მათი პირველი იდენტიფიცირების შემდეგ ვიღებთ ცნობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ ვარიანტების აღმოჩენის შესახებ, ყველაზე დიდი რაოდენობით კი ინდოეთში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო მოსდევს (სადაც B.1.617.2 დასახელდა ვარიანტად, რომელიც სახელმწიფომ საყურადღებოდ გამოაცხადა).
არის ალბათობა, რომ უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება? ეს შეშფოთებას იწვევს?
COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება; თუმცა, შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი მომდევნო ვარიანტები, რომლებიც მეტად გადამდები იქნება ან მეტად მძიმე დაავადებას გამოიწვევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს დახვეწილი დაკვირვების სისტემები აქვთ ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისათვის, მათ გავრცელებაზე დასაკვირვებლად და სიმძიმის შესაფასებლად.
ზუსტად როგორ ხდება ახალი ვარიანტების იდენტიფიცირება და მათზე დაკვირვება?
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს საექსპერტო ლაბორატორიების ქსელთან მსოფლიო მასშტაბით ტესტირებისა და COVID-19 ვირუსის უკეთ შესწავლის მხარდასაჭერად.
კვლევითმა ჯგუფებმა მოახდინეს ვირუსის ვარიანტების სეკვენირება, რაც ნიშნავს, რომ მათ „წაიკითხეს” გენომის შემადგენელი გენეტიკური კოდი, და გააზიარეს იგი საჯარო მონაცემთა ბაზებში, მათ შორის „GISAID ინიციატივის” მეშვეობით. ასეთი გლობალური თანამშრომლობა მეცნიერებს საშუალებას აძლევთ მიიღონ წვდომა გლობალურ მონაცემებზე ვირუსსა და მის ცვლილებებზე უკეთ დაკვირვებისათვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის SARS-CoV-2-ის გლობალური ლაბორატორიების ქსელი მოიცავს „ვირუსის ევოლუციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს,” რომლის მიზანია ახალი მუტაციების სწრაფი აღმოჩენა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შეფასება.
მრავალი ქვეყანა აგრეთვე დამოუკიდებლად ატარებს COVID-19-ის ვარიანტების სეკვენირებას და ახდენს ამ მონაცემების გაზიარებას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რაც ხელს უწყობს გლობალურ დაკვირვებას და რეაგირებას.
ხომ არ ახდენს ვირუსის ცვლილება გავლენას ვაქცინებას ქმედითობაზე?
მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის პროგრამებში ამჟამად გამოყენებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სულ მცირე, გარკვეულ დაცვას შექმნიან ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ, რადგან ყველა ეს ვაქცინა გათვლილია ფართო იმუნურ პასუხზე.
თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი ვარიანტის წინააღმდეგ, შესაძლებელი იქნება ვაქცინის შემადგენლობის ცვლილება ამ ვარიანტებისგან დასაცავად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს თანამშრომლობას მკვლევარებთან, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებთან და მეცნიერებთან, რომ დაადგინოს, როგორ ზემოქმედებენ ეს ვარიანტები ვირუსის ქცევაზე, მათ შორის როგორია მათი გავლენა ვაქცინების ეფექტურობაზე.
ხომ არ იქონიებს ზეგავლენას ახალი ვარიანტების გავრცელება „ლოკდაუნის” შემსუბუქებასა და საზოგადოებების ხელახლა გახსნაზე?
ვარიანტები – გავრცელებული ფენომენია და თავისთავად საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ეს შეიძლება საშიშიც გახდეს, თუ შეცვლის ვირუსის ქცევას. ამდენად, საჭიროა ასეთ განვითარებაზე მონიტორინგი და მოსახლეობაში ვარიანტების პროგრესზე დაკვირვება მათ შესაკავებლად და გასაკონტროლებლად ყველაზე სათანადო ნაბიჯების გადადგმით. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს მათი კონტროლიდან გასვლა.
ეს არ ნიშნავს აუცილებლად შემდგომ „ლოკდაუნს,” თუმცა ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ეს ერთ-ერთია ინსტრუმენტთა კომპლექტში საზოგადოებაში ვირუსის გავრცელებასთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული წუხილის გამოწვევი ვარიანტი დაკავშირებულია გადაცემის ზრდასთან.
უნდა ვიმოგზაუროთ უცხოეთში სხვადასხვა ვარიანტის ცირკულირების პირობებში?
ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით, წუხილის გამომწვევი რიგი ვარიანტის პირობებში და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილით კვლავ ვაქცინაციის გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ უწევს რეკომენდაციას მგზავრობას მხოლოდ არსებითი საჭიროების მიზეზით, როგორიცაა საგანგებო ვითარება, ჰუმანიტარული მოქმედება, არსებითად საჭირო პერსონალის გადაადგილება და ზოგიერთ სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირები.
დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში მგზავრობისგან, სადაც ცნობილია დაავადების საზოგადოებაში გავრცელების შესახებ.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ თავი COVID-19-ის ვარიანტით ინფიცირებისგან?
პანდემია არ დასრრულდება, სანამ ვაქცინაცია მთელს მსოფლიოში არ წარიმართება. ვაქცინაციის მიმდინარეობს და ამ პერიოდში უნდა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შანსი, შევამციროთ ვირუსით ჩვენი დაინფიცირების რისკი და ვირუსით სხვების დაინფიცირების რისკი.
ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ადამიანებმა უნდა დაიცვან რეკომენდებული ზომები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალურ ზომებს. ეს გულისხმობს ხელის ხშირად დაბანას, ნიღბის ტარებას, სულ მცირე ერთმეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვას, ჰაერის კარგ განიავებას და ხალხმრავალ ადგილებში ან ჩაკეტილ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავებას. ეს ზომები კარგად მუშაობს ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, ამცირებს ვირუსის გადაცემას და ვირუსის შემდგომი მუტაციის შანსებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისარგებლონ მათთვის შეთავაზებული ვაქცინით, როცა რიგი მოუწევთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მოსალოდნელია, რომ ვირუსის ცირკულირება შემცირდება, რაც ასევე გამოიწვევს მუტაციების შემცირებას.
როგორია ქვეყნებისადმი ჯანმოს რეკომენდაცია ვირუსის ცვლილებასთან დაკავშირებით?
ქვეყნებში უნდა გაიზარდოს SARS-CoV-2-ის ვარიანტების სეკვენირება და მოხდეს შედეგების წარმოდგენა, რომ გაიზარდოს ჩვენ მიერ მათი გაგება ეფექტური პასუხის შესამუშავებლად.
ჯანმო მოუწოდებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და სოციალურ ზომებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი აპრობირებული ზომების გაგრძელებისა და გაორმაგებისკენ, ქვეყნებთან მიმართებაში ეს აგრეთვე მოიცავს შემთხვევების ტესტირებას, იზოლირებასა და მკურნალობას, კონტაქტების გამოვლენას და შემთხვევების კონტაქტების კარანტინში მოთავსებას.
მართალია, გადაცემის მაჩვენებლები ამჟამად კვლავ მაღალია, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ COVID-19-ის შემთხვევების კლებას ევროპის რეგიონში.
თუმცა, ეს უკვე გავიარეთ: როდესაც მრუდი სწორდება, ნაადრევია სიფხიზლის უგულვებელყოფა, პირიქით, საჭიროა მისი ხარისხის ზრდა, რომ არ მოგვიწიოს „ლოკდაუნის” პირობებში დაბრუნება. თვითკმაყოფილება ამ მხრივ არ არის ჩვენი მეგობარი.