COVID-19-ის პანდემიის გამო უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ზარალი უკვე 30 მლნ დოლარს შეადგენს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას SkyUp Airlines-ის პრეზიდენტი ევგენი ხაინადსკი აკეთებს.
“ეს ჩვენი პირდაპირი ზარალია. მაგრამ, შესაძლოა, თუ გაყიდვები კარგად წარიმართება, წლის შედეგებით წამგებიანი მაჩვენებლიდან ამოსვლა შევძლოთ. თუმცა, თუ რა ზარალი ან მოგება იქნება მთელი წლის განმავლობაში ამას ჩვენ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით გავიგებთ”, განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს SkyUp Airlines-მა მცირედი მოგება მიიღო, თუმცა 2020 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე კომპანია პროგნოზებს ვერ აკეთებს.
“ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონტრაქტორებთან, რომლებიც ჩვენს თვითმფრინავს ემსახურებიან, რათა მომსახურების ღირებულება შემცირდეს. ბევრი აეროპორტი ამაში ხელს გვიწყობს” განაცხადა ევგენი ხაინადსკიმ.
მისივე განმარტებით, კარანტინის გამო, ავიაკომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი, საკუთარი ხარჯით, 2 კვირიან შვებულებაში იყო.
”მაისში ჩვენ იძულებული გავხდით თანამშრომლების დაახლოებით 8%-ი შეგვემცირებინა. თუმცა ივლისსა და აგვისტოს მონაცემებით ვგეგმავთ, რომ პერსონალის რაოდენობა კრიზისამდე არსებული მაჩვენებლებს დავუბრუნოთ”, ამბობს SkyUp Airlines-ის პრეზიდენტი.