COVID-19-ის მიუხედავად ესპანური ავიაკომპანია Air Europa საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას ისევ განიხილავს. როგორც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განაცხადა, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნით ესპანური მხარეა დაინტერესებული.

ილია გიორგაძის თქმით, მადრიდიდან თბილისისკენ პირდაპირი რეისების შესრულებაზე იმსჯელებენ ესპანეთის ტურიზმის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ესპანეთის დელეგაცია ივლისის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა.

“ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრანსპორტის მინისტრი ისაუბრებს ნათია თურნავასთან იქნება ესპანური ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია, კერძოდ, ეს სავარაუდოდ იქნება Air Europa. ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება პირდაპირი რეისების დანიშვნა მადრიდიდან თბილისში”, – განაცხადა ილია გიორგაძემ.

COVID-19-მდე ესპანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულება იყო. თბილისსა და ბარსელონას შოროს რეგულარულ რეისებს Georgian Airways-ი ასრულებდა, ხოლო ქუთაისსა და ბარსელონას შორის კი ავიაკომპანია Wizz Air-ი.

Air Europa საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2019 წელსაც გეგმავდა და ავიაკომპანიასან გარკვეული მოლაპარაკებები 2018 წელსაც მიმდინარეობდა. 

Air Europa-ს შემოსვლაზე ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წლის ტურისტული სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა. 

თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყებაზე, 2019 წლის სექტემბერში განცხადება გააკეთა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. მაშინ მარიამ ქვრივიშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე მადრიდში
ავიაკომპანია Swiftair-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Swiftair ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Europa-ს პარტნიორია. შეხვედრაზე ესპანური ავიაკომპანიის ხელმძღვანელები საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდნენ.

ავიაკომპანია Swiftair-ისა და Air Europa-ს პარტნიორობით მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ავიარეისების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით თემის შესწავლა დაიწყო.

„ესპანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი ტურისტული ბაზარია, როგორც იცით ესპანელი ტურისტები გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით, სწორედ ამიტომ ჩვენ ესპანეთში აქტიური კამპანია დავიწყეთ, მადრიდში ესპანეთის წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის ჩვენ პრეზენტაციები გავმართეთ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას, რაც თავის მხრივ სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის მიმართულებით. ჩვენ შევხვდით ესპანეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებს, დაინტერესება არის ძალიან დიდი“- განაცხადა 2019 წლის სექტემბრის ბოლოს მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისათვის, 2019 წლის ბოლოს Air Europa 1 მლრდ ევროდ გაიყიდა და მისი მფლობელი ჰოლანდიური კომპანია IAG  გახდა. IAG-ის საკუთრებას უკვე წარმოადგენს ესპანური ავიაკომპანია Iberia.

როგორც IAG-ში განმარტავენ, აღნიშნული გარიგება მადრიდს ახალ პერსპექტივებს უქმნის, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ამსტერდამს, ლონდონს, ფრანკფურტს და პარიზს.

ახალი შენაძენით IAG-ი ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ავიაბაზრებზე ლიდერობას უმიზნებს.