მესტიის მიმართულებით რეგულარული ფრენები, დროებით, შეჩერებულია. COVID-19-ის ახალი შემთხვევების დაფიქსირების ფონზე მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

შესაბამისად შეიზღუდა ფრენებიც, რომელიც ნატახტარი-მესტია-ნატახტარის საჰაერო ხაზზე 4 თვიანი პაუზის შემდეგ, 24 ივლისს განახლდა, თუმცა 11 აგვისტოდან შეწყდა. 

“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტში აიკრძალა ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;

ა.ბ) ამ მუნიციპალიტეტიდან გასვლის აკრძალვას;

ა.გ) მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისათვის ავიარეისების განხორციელებას; არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.