გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მოგზაურობისა და ეკონომიკური ჩართულობის დაშვებისას ვირუსის გადაცემის რისკის შემცირების ერთადერთი გზა მოგზაურების განმეორებითი ტესტირებაა, სხვა შესაბამის და ეფექტურ ზომებთან ერთად.

„უსაფრთხო მოგზაურობისთვის ინსტრუმენტები გვაქვს. მოდით, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები, რათა თავიდან ავიცილოთ, ნება მომეცით ვთქვა, ეს სამოგზაურო აპარტეიდი, რაც მიუღებლად მიმაჩნია“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

30 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მოგზაურობის სრულად აკრძალვა ხელს არ შეუშლის კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას და ქვეყნებს რისკზე დაფუძნებული მიდგომის მიღებისკენ მოუწოდეს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

წყარო: იმედინიუსი