ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საავიაციო ფორუმი, Connect 2025 გაიმართა, სადაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს TAV Airports-ის მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენდა. შედგა შეხვედრები 20-ზე მეტ ავიაკომპანიასთან, რომელთა ნაწილი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უკვე ოპერირებს, ნაწილი კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაიწყებს ოპერირებას. ასევე, სამომავლო თანამშრომლობის განხილვის მოტივით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა სამ ევროპულ ავიაკომპანიასთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების პოტენციალისა და სერვისების შესახებ.
ცნობისთვის, ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 54, ხოლო ბათუმის აეროპორტში 28 ავიაკომპანია ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის აეროპორტიდან ავიარეისების შესრულებას დამატებით 4 ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს. ესენია: British Airways, Easyjet, Transavia France და Edelweiss.
ზემოაღნიშნული ყოველწლიური ღონისძიება სახელწოდებით Connect Aviation ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ეს პლატფორმა უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორების შეძენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისთვის, ტურიზმის პროვაიდერებისთვის, სახმელეთო ოპერატორებისთვის, საჰაერო ხომალდების მწარმოებლებისა და ავიაციის სფეროსთვის სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებისთვის. წლევანდელი ფორუმის ოფიციალური ნაწილი ძირითადად ავიაციის სფეროში არსებულ ტენდენციებს დაეთმო. ყურადღება გამახვილდა გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ავიაციასა და ტურიზმის სფეროში შექმნილ გამოწვევებზე. ცალკე დისკუსია მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპის საავიაციო ბაზარს.