გერმანულმა ავიაკომპანია Condor-მა თავისი მთავარი კონკურენტისა და ყოფილი დედა კომპანიის, Lufthansa-ს წინააღმდეგ საჯარო კამპანია წამოიწყო. Condor-ის განცხადებით, Lufthansa-ს „დომინანტური და ანტი საბაზრო პოზიცია“ ხელს უშლის კონკურენციას.
Condor-მა რამდენიმე გერმანულ პორტალზე განცხადება განათავსა, სადაც Lufthansa-ს კონკურენციის დარღვევაში ადანაშაულებს. Condor-ის პრეზიდენტის, პეტერ გერბერის, განცხადებით, Lufthansa უარს ამბობს, Condor-ის მგზავრებს მისაღებ ფასად მიაწოდოს ფიდერული (დამაკავშირებელი) მომსახურება. ამის გამო, Condor-ის მგზავრები ვერ ახერხებენ ძირითად რეისებზე დროულად მოხვედრას.
Condor-ის წარმომადგენლის თქმით, Lufthansa ასევე „ჯავშნის ასაფრენ-დასაფრენ სლოტებს ფრანკფურტის აეროპორტში, რისი გამოყენებაც Condor-ს საკუთარი დამაკავშირებელი რეისებისთვის შეეძლო“. ეს კი Condor-ს აიძულებს, ტრანსატლანტიკური რეისების ნაწილი შეამციროს.
Condor აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას აფერხებს და კომპანიას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.












