ავიაციის, ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია AVIAREPS არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა (UAE) და საქართველოში ავიაკომპანია Condor-ის გენერალურ გაყიდვების აგენტად (GSA) დაინიშნა.

ეს ახალი დანიშვნა აფართოებს Condor-სა და AVIAREPS-ს შორის არსებულ გრძელვადიან და წარმატებულ პარტნიორობას, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 30-ზე მეტ ბაზარს მოიცავს.

ძალაში შესვლისთანავე, AVIAREPS Condor-ს გაუწევს გაყიდვების, მარკეტინგისა და დაჯავშნის ყოვლისმომცველ სერვისებს ორივე ბაზარზე. დუბაისა და თბილისის ადგილობრივი გუნდები მიზნად ისახავენ Condor-ის ცნობადობის გაზრდას, ტურისტულ აგენტებთან და ოპერატორებთან ურთიერთობების გაღრმავებას და მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებით ბილეთების გაყიდვების ზრდას.

Condor-ისა და AVIAREPS-ის წარმატებული თანამშრომლობა ევროპასა და ლათინურ ამერიკაში 2006 წლიდან იწყება, სადაც AVIAREPS პან-ევროპული GSA-ის როლს ასრულებდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Condor 2026 წლის ივნისიდან განაახლებს ოპერაციებს საქართველოში ორწლიანი პაუზის შემდეგ. დაგეგმილია ყოველდღიური ფრენები ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის მიმართულებით.

ავიაკომპანია მოელის, რომ ფრანკფურტიდან, როგორც ერთ-ერთი მთავარი საავიაციო კარიბჭიდან, პირდაპირი კავშირის აღდგენა ხელს შეუწყობს შემომავალ ტურიზმს და გააღრმავებს საჰაერო კავშირებს ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის.

“ვინაიდან Condor აგრძელებს საერთაშორისო ზრდას, მოხარულები ვართ, რომ AVIAREPS-თან პარტნიორობას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოზე ვავრცობთ. მათი ძლიერი რეპუტაცია, კომერციული ცოდნა და მჭიდრო კავშირები ტურისტულ ინდუსტრიასთან დაგვეხმარება ახალ აუდიტორიამდე მივაღწიოთ და კიდევ უკეთესი სერვისი შევთავაზოთ მოგზაურებს ამ რეგიონებში“, – აცხადებს Condor-ის გაყიდვების ხელმძღვანელი ანდრე ჰორნი.

“ჩვენი პარტნიორობა Condor-თან წლების განმავლობაში ძლიერდებოდა და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამჟამად ავიაკომპანიას მსოფლიოს 30-ზე მეტ ბაზარზე წარმოვადგენთ. ეს უახლესი გაფართოება UAE-სა და საქართველოში ხაზს უსვამს ჩვენს საერთო მიზანს — გავხსნათ ახალი შესაძლებლობები და გავაძლიეროთ ურთიერთობები ადგილობრივ სავაჭრო პარტნიორებთან“, – ამბობს AVIAREPS-ის ავიაციის COO მარსელო კაიზერი.

Condor ასევე აფართოებს ფრენებს გერმანიიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მათ შორის ფრანკფურტი-აბუ დაბის, ბერლინი-აბუ დაბისა და შტუტგარტი-დუბაის მიმართულებით, რაც მას გერმანიიდან დუბაისკენ ყველაზე ხშირი კავშირების მქონე ავიაკომპანიად აქცევს.