გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც გააგრძელებს. ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 წლის მაისში შემოვიდა, თუმცა რეისები მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შეასრულა.

„Condor Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონშიც გააგრძელებს. ევროპული ავიაკომპანიების სტილია, რომ პირველი წელი შემოდიან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შემდეგ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აღარ ფრენენ აღარავინ მიმართულებაზე. ამ დროს მიდის გარკვეული კალკულაცია და გათვლები, რამდენად რენტაბელური იყო მიმართულება და უკვე მეორე წელს რენტაბელურობის შემთხვევაში ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც აგრძელებენ“,- განუცხადეს AviaNews-ს AFS Ground Handling-ში, რომელიც ავიაკომპანიების საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებებს უზრუნველყოფს.
ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.

Condor Airlines-ი 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.

დღეისათვის გერმანიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa და Eurowings-ი ასრულებენ.