ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში ICAO-ს მოთხოვნებთან, – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები და ახლა, ასევე ცალმხრივად განაახლეს.
„ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები აქვთ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირს აქვს ე.წ. შავი სია, რომლებიც არიან სანქცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში ICAO-ს მოთხოვნებთან. ამიტომ, ბორტებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. ჩვენ, ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ ფრენები განახორციელონ. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებზე. საზოგადოებაში ცალსახა განწყობები არ არის. განსხვავებული აზრებია. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს შეიძლება, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს პირდაპირი ფრენები. ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა, რადგან ეთნიკურად ქართველები, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი მიმოსვლით. ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა მინისტრმა.