ჩვენმა ქვეყანამ იმიტომ, რომ COVID-19-ს უკეთ უმკლავდება ვიდრე სხვები, არ უნდა ჩათვალოს მოცემულობად და სათანადო კომპეტენციით უნდა დააფასოს ყველა ავიაკომპანია, რომელმაც ქვეყანას ტურიზმის განვითარებაში შეუწყო ხელი, – წერს Facebook-ის ჯგუფ “ავია კომუნიკატორში” APG Georgia-ს დირექტორი და APG Network -ის ბორდის წევრი იაკო ხომერიკი.

“იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ვთანამშრომლობ და ჩემი ბიზნესი ავიაკომპანიების წარმოდგენაა საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, თავს უფლებას მივცემ ამ საკითხზე გავაკეთო კომენტარი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში – რადგანაც მაქვს ყოველდღიური შეხება დაახლოებით 100 სხვადასხვა ქვეყანასთან, და 80-მდე სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან თემას – რომ სათანადო ყურადღება და ინდივიდუალური მოლაპარაკება სჭირდება ყველა ავიახაზს ვინც დაფრინავს საქართველოში, რაზეც წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევა და ენერგია არის ჩადებული, ქვეყნების კულტურიდან და საავიაციო კორპორაციული ეთიკიდან გამომდინარე თითოეულ მათგანს სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა და ჩვენმა ქვეყანამ იმიტომ, რომ კორონავირუსს უკეთ უმკლავდება ვიდრე სხვები არ უნდა ჩათვალოს მოცემულობად და სათანადო პატივითა და კომპეტენციით უნდა დააფასოს ყველა ავიაკომპანია რომელმაც ქვეყანას ტურიზმის განვითარებაში შეუწყო ხელი. ჩემი სურვილია, მჯერა ყველასი, რომ ისეთივე წარმატებულები ვიყოთ კრიზისის შემდეგ, როგორც ვირუსთან გამკლავებაში ვართ”, აცხადებს იაკო ხომერიკი.