ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ Ryanair-ი გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია Ryanair-ს კომერციულ დირექტორთან  დევიდ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი – თბილისის, ორი კი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. Ryanair​-ი ავიარეისებს ეტაპობრივად  დაამატებს.

Ryanair-ის სახელით გამოვთქვამ სიხარულს და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართეთ შეხვედრა.  თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება – თბილისიდან – მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს  თბილისიდან-  კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან“, -განაცხადა დევიდ ო’ბრაიენმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.

„მინდა ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია Ryanair-ი, ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. Ryanair-ი რის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და Ryanair-ის, ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო Ryanair-ს, მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრსა და Ryanair-ს კომერციულ დირექტორს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.