ჩვენი მხრიდან Georgian Airways-ი არ ითხოვს არავითარ სუბსიდიას, რაზედაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. როგორც მინისტრმა “იმედის” ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, ავიაკომპანიასა და მთავრობას შორის სპეცრეისების დანიშვნაზე შეთანხმება მიღწეულია. 

“ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ მთავრობა ძალიან სწრაფად ვადაპტირდით საგანგებო ვითარების მოთხოვნების შესაბამისად და ვმოქმედებთ ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და სულ ვცდილობთ, რომ დავასწროთ მოვლენებს. 

შეიძლება ზოგიერთი კომპანია ჯერ კიდევ ვერ გადაეწყო ამ ტეპზე და ტემპში ჩამოგვრჩა და ჯერ კიდევ ძველი ინერცია ახასიათებთ სხვადასხვა საკითხში. მე მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხება ადამიანების უსაფრთხოებას, რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლას, რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების დაცვას ეს არ განიხილება როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ძალიან კარგია, რომ მართალია გარკვეული შეხსენების შემდეგ კომპანიები და მათ შორის საავიაციო კომპანიები ამას გაგებით მოეკიდნენ და შედგა თანამშრომლობა. თანამშრომლობა არის ჩვენთვის ძალიან მისაღები ფორმით ანუ Georgian Airways-ი კვირაში 2 რეისს შეასრულებს იმ დღეებში და იმ მიმართულებებზე რაც იქნება შეთანხმებული მთავრობასთან მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ბილეთები იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენი მხრიდან კომპანია არ ითხოვს არავითარ სუბსიდიას რაზედაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით”, აცხადებს ნათია თურნავა.