უკრაინელი ტურისტების 26 კაციანი ჯგუფი, რომელიც საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული და სამშობლოში ვეღარ ბრუნდებოდა, სასტუმროში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდნენ. უკრაინელი ტურისტი სვეტალანა ბაბეი აცხადებს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე დახმარება მყისიერად აღმოუჩინეს და ყველა საჭირო ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

“ჩვენი 26 კაციანი ჯგუფით ვართ საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული. ჩვენს სამშობლოში ომი დაიწყო, უკან ვეღარ ვბრუნდებით. საოცარია ქართველი ხალხის თბილი დამოკიდებულება, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი დაუკავშირდა ტურიზმის ადმინისტრაციას და რამდენიმე წუთში უკვე ვიცოდით, რომ ქუჩაში არ ვრჩებოდით და მალევე გაგვეწია დახმარება თუ სად განვთავსდებოდით. გვითხრეს რომ შევძლებდთ თბილისში ჩამოსვლას და ამ სასტუმროში უსასყიდლოდ განთავსებას. ძალიან ვაფასებთ ამ დახმარებას და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ” – აცხადებს უკრაინელი ტურისტი სვეტლანა ბაბეი.

პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან.

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს.