უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე მზარდ მოთხოვნაზე საუბრობს. როგორც ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, ხანგრძლივი ლოქდაუნის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას მოგზაურობის სურვილი აქვს.
„ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს: საქართველოს მოქალაქეებს ძალიან სურთ მოგზაურობა დიდხნიანი ლოქდაუნების შედეგ. ვხედავთ, რომ მსგავსი მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება. როგორც კი საზღვრები გაიხსნა და მოსახლეობას შანსი მიეცა, ყველას მოუნდა საზღვარგარეთ გასვლა. ამ ტენდენციას ვხედავდით ზაფხულშიც, როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოს მიმართულებით. ადამიანები ისვენებდნენ საბერძნეთის პლაჟებზე, იტალიაში და ა.შ.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ მუშაობს და დღეს მათთვის ბევრად მარტივია გადაადგილება. ასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ აღდგა მცირეხნიანი, შაბათ-კვირის მოგზაურობები. ადამიანებს შეუძლიათ ესტუმრონ ამა თუ იმ ქალაქს დასვენების დღეებში. დამეთანხმეთ, რომ ეს ყველას გვენატრებოდა“, აცხადებს რადო.
Wizz Air-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგი ბიზნესკლიმატია.
“საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ და ყოველჯერზე ძალიან მეგობრული და გახსნილი გარემო მხვდება. ძალიან მარტივია ბიზნესის კეთება, ხელისუფლებასთან კონტაქტი მუდმივად გვაქვს, გვქონდა გასულ წელსაც. განვიხილავდით, როგორ შეიძლება აღგვედგინა ფრენები და ა.შ. COVID-მა სამწუხაროდ დაგვაპაუზა, მაგრამ ჩვენ უკვე ისევ თამაშში ვართ. 2019 წელს დაახლოებით 40 მიმართულებით დავფრინავდით, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამდენი მიმართულებით დავფრინავდით ავსტრიიდანაც და სხვა საკმაოდ დიდი ბაზებიდან. ამ მაჩვენებლამდე დაბუნებას დრო სჭირდება. იმედი დავიტოვოთ, რომ შეზღუდვები მეტად აღარ გამკაცრდება და დარჩება დღეს არსებულ დონეზე ან შემცირდება“, განმარტა ანდრაშ რადომ.
მისივე თქმით, პანდემიის შემდეგაც ბევრი ქვეყანაა პოპულარული ქართველებში და საქართველოც საკმაოდ მოთხოვნადია მათთვის. არსებული მოთხოვნის და COVID-რეგულაციების შემსუბუქების ფონზე კი Wizz Air-მა ქუთაისში საკუთარი ბაზაც დააბრუნა.
„ჩვენ დროებით შევწყვიტეთ საქმიანობა და არ დაგვიხურავს ბაზა სამუდამოდ. ამის აღნიშვნა აუცილებელია. რაც შეეხება კითხვას, რატომ გადავწყვიტეთ მისი აღდგენა ახლა, ვხედავთ, რომ საქართველომ შეამსუბუქა შეზღდვები და ადამიანებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა მარტივად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ რაციონალური გადაწყვეტილება იყო ბიზნესისთვის, რომ ბაზა აღგვედგინა“, განმარტა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.