„ჩვენ ძალიან პროდუქტიული და წარმომადგენლობითი შეხვედრა გვქონდა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის დახმარების პაკეტის განახლებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა ტურიზმის სექტორისგან, თუ რა სჭირდებათ მათ, რათა განაგრძონ ტურიზმის სექტორში ოპერირება. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ეფექტური და მიზნობრივი დახმარების ფორმირებაში.
ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, აქედან გამომდინარე ჩვენ მოვუსმინეთ დარგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს იმისთვის , რომ მათ არ დაკარგონ დასაქმების ადგილები და შესაბამისად შემოსავლის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ კომპანიებს რათა განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება“ “ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და დისკუსიაში ტურიზმის კერძო სექტორის 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც სექტორი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დადგა, ასევე საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დარგის წარმომადგენლებმა დააყენეს. მათ შორისაა, ურთიერთობა ბანკებთან, საგადასახადო დავალიანების გადავადება, მიზნობრივი სამთავრობო პროგრამები, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება და სხვ.
ონლაინ დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ გაგრძელდება შეხვედრები ბიზნესის დარგის ცალკეულ სეგმენტებთან, რათა ბიზნესის წინაშე არსებული თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი.