ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა,” – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარება ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებაა. ამის მაგალითად მან ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე შემოსული სკანდინავიური ავიაკომპანია დაასახელა.

„სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების შესრულება საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სანდო ავიაგადამზიდი სკანდინავიურ ქვეყნებში Norwegian Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით ფრენებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ასრულებს – განაცხადა მოსეშვილმა.

მისი თქმით, ეს ახალი ტურისტული მარშრუტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ აზიის მსხვილ ბაზრებთან, არამედ ევროპის ახალ და აუთვისებელ მიმართულებებთანაც.

„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ ისეთი აუთვისებელი ბაზრებიდან, საიდანაც საქართველოს ისტორიაში არ გვქონია ფრენა, ან იყო მხოლოდ პერიოდულად. გვინდა, რომ ასეთი ქვეყნებიდან რეგულარული ხასიათის ფრენები შესრულდეს“, – აღნიშნა მოსეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო საავიაციო ღონისძიებებში, მათ შორის Routes Europe, Routes Asia და Routes World-ის ფორმატებში, სადაც პოტენციურ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნულ პლატფორმებზე ავიაკომპანიებს საქართველოს შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალსა და ბაზრის განვითარების პერსპექტივებს აცნობენ.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა პლატფორმაზე, ვიყენებთ წარმატებით ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორიც არის Routes Europe, Routes Asia, Routes World, სადაც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს არაერთი შეხვედრა, შეთავაზებები, საქართველოს მთელი ხიბლის წარდგენა მათთვის: რატომ უნდა იფრინონ ავიაკომპანიებმა საქართველოში, რატომ უნდა ჩამოიყვანონ ტურისტები და მგზავრები“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები რიგ შემთხვევაში წარმატებით სრულდება და Norwegian Airlines-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროცესის შედეგია, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებებზე დაწყებული კონტაქტებიდან დეტალურ მოლაპარაკებებამდე მივიდა.