ჩრდილოეთ კვიპროსს საკუთარი ავიაკომპანია ეყოლება. როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული, ეროვნულ ავიაკომპანიას აფუძნებს. ახალ ავიაკომპანიას Mavi Girne Havayollari ან Blue Kyrenia Airlines-ი ერქმევა.
ფრენების დაწყებისას ახალ ავიაკომპანიას ფლოტში ხუთი თვითმფრინავი ეყოლება. თუ ფრენები მოთხოვნადი აღმოჩნდება, მაშინ ფლოტი უფრო გაიზრდება. საწყის ეტაპზე ახალი ავიაკომპანია გეგმავს ფრენებს თურქეთის ქალაქებში: ადანაში, ანკარასა და სტამბულში, ხოლო პირველი პირველ რეისს ავიაკომპანია ტრაპიზონის მიმართულებით შეასრულებს.
ჩრდილოეთ კვიპროსს უკვე ჰქონდა ეროვნული ავიაკომპანია, სახელად Cyprus Turkish Airlines. იგი არსებობდა 1975 წლიდან 2010 წლამდე. ახალი ავიაკომპანია, ჩრდილოეთ კვიპროსის სტატუსის გათვალისწინებით, ასევე, სავარაუდოდ, იქნება „ვირტუალურად თურქული“ ავიაკომპანია, რადგან არც ერთი მეიჯარე არ დადებს ხელშეკრულებას არაღიარებული ქვეყნის იურიდიულ პირთან. თუმცა, თურქებმა დიდი ხანია იპოვეს გზები ასეთი დაბრკოლებების გვერდის ასაქცევად.