ჩინეთის სასტუმროების ბიზნესი ზრდის შთამბეჭდავ დინამიკას აჩვენებს. Lodging Econometrics-ის (LE) ბოლო კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ქვეყანაში დამუშავების პროცესშია 3,602 სასტუმრო პროექტი, რაც ჯამში 640,328 ნომერს მოიცავს. აქედან 70%-ზე მეტი უშუალოდ მშენებლობის ფაზაშია, რაც სექტორში ინვესტორების მაღალ აქტივობაზე მიუთითებს.

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის სასტუმროებში. ამ კატეგორიაში პროექტების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს – 1,249-ს მიაღწია, რაც ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროექტის 35%-ს შეადგენს. ამავდროულად, პრემიუმ კლასის სეგმენტმაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 1,087 ობიექტით. ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ რეკორდულ ინტერესს არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სასტუმროებად გადაკეთების (რედეველოპმენტის) მიმართ.

სასტუმროების მშენებლობის მხრივ ლიდერობას ინარჩუნებენ ჩინეთის მსხვილი მეგაპოლისები. პროექტების რაოდენობით პირველ ადგილზეა ჩენდუ (130 პროექტი), მას მოსდევს გუანჯოუ, შანხაი, ჰანჯოუ და სიანი. ეს ქალაქები კვლავ რჩებიან ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარ ცენტრებად.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ჩინეთში 287 ახალი სასტუმრო გაიხსნა. პროგნოზების თანახმად, წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში კიდევ 824 ობიექტი შევა. საერთო ჯამში, 2026 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარს 1,111 ახალი სასტუმრო შეემატება, ხოლო 2027 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 861 ობიექტის გაშვება, რაც მოგზაურთათვის ქვეყნის მასშტაბით არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.