ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ყოველწლიური ავიაფორუმი WORD ROUTES 2018 რიგით 24-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმი იმართება.

ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს 110 ქვეყნის 3 000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს. ღონისძიებაზე წარდგენილია 700 მეტი აეროპორტის, 300 ავიაკომპანიისა და 130 ქვეყნის ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარადგენს. ქართულ დელეგაციას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე ხელმძღვანელობს.

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობს. წელს, WORD ROUTES 2018 წარსადგენად მნიშვნელოვანი პროექტები მიგვაქვს. საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გვექნება პრეზენტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ”, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

საავიაციო ფორუმზე წელს, პირველად მიიღებს მონაწილეობას ქართული ავიაკომპანია MY WAY AIRLINES. ოთხდღიან ფორუმზე გაიმართება პირისპირ შეხვედრები აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ფორუმი დღეს გაიხსნა და 18 სექტემბერს დასრულდება.