ჩინეთის ხელისუფლებამ შინაურ ცხოველებთან ერთად მოგზაურობის მსურველთათვის მკაცრი მოთხოვნები დააწესა. ახალი რეგულაციების თანახმად, ქვეყანაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ კატებისა და ძაღლებისთვის — სხვა სახეობის ცხოველების შეყვანა ტურისტული მიზნით აკრძალულია.
დაწესებული წესების მიხედვით, ერთ მოგზაურს მხოლოდ ერთი შინაური ცხოველის შეყვანის უფლება აქვს. ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, მფლობელს უარს ეტყვიან ფიტოსანიტარული და საბაჟო კონტროლის გავლაზე. მნიშვნელოვანია, რომ ცხოველი აუცილებლად იყოს ჩიპირებული, თანაც ეს პროცედურა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე უნდა ჩატარდეს.
გარდა ამისა, მფლობელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი და სერტიფიკატის ორიგინალი, რომელიც ადასტურებს ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრებზე ჩატარებული ტესტის შედეგებს. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ცხოველის კარანტინში მოთავსებას ან ქვეყნიდან დეპორტაციას, რასაც მფლობელისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯები ახლავს. ჩინეთი ამ ნაბიჯით ბიოუსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასა და ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.












