ყველაფერი დაგეგმილია. ბილეთები ნაყიდია, სასტუმრო დაჯავშნილია, ჩამოწერილია სია რისი ნახვა და გაკეთება გვინდა. ყველაფერი იდეალურად არის! მანამ სანამ არ დგება ჩანთის ჩალაგების დრო… რა წავიღო, რამდენი, რომ იწვიმოს? ნეტავ, გამოსასვლელი ტანსაცმელი თუ დამჭირდება… არსაიდან უამრავი კითხვა ჩნდება და ხშირად ყველაფრის წაღება გვინდა, რაც კი კარადაში დევს. მაგრამ, რადგან შეზღუდულები ვართ (ჩანთის ზომაში, წასაღებად დაშვებულ წონაში და სულაც ჩვენ შესაძლებლობაში სიმძიმე ვათრიოთ) გვიწევს არჩევანის გაკეთება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ ავირიდოთ მარტივად ზედმეტი ნივთების თან წაღება, როგორ არ დაგვავიწყდეს და გამოგვრჩეს ის, რაც ნამდვილად დაგვჭირდება და როგორ ჩავალაგოთ ეს ყველაფერი კომპაქტურად და მოხდენილად!

1. შეარჩიეთ შესაბამისი ჩანთა/ჩემოდანი

სადაც არ უნდა მიდიოდეთ, მოგზაურობისას კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ მცირე უსიამოვნო დეტალს შეუძლია სრულად შემოაბრუნოს თქვენი მოგზაურობის გამოცდილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გულდასმით შეარჩიოთ ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლითაც აპირებთ დაუვიწყარი მოგონებების შექმნას.

იმის მიხედვით თუ სად, რამდენი ხნით და რა მიზნით მიდიხართ აუცილებლად შეარჩიეთ ისეთი ჩანთა ან ჩემოდანი, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს მოთხოვნებს. მაგალითად, თუ 1 ღამით ქალაქგარეთ გადიხართ შეგიძლიათ ზურგჩანთა მოირგოთ, სადაც ზუსტად ორი დღის სამყოფი ტანსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები ეტევა.

თუ ხშირად მოგზაურობთ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ შესაბამისი, კომფორტული ჩემოდანი. ბევრი მოგზაურის რჩევით საუკეთესო ვარიანტი იქნება ორი ზომის ჩემოდნის ქონა. ერთი ე.წ. ბორტზე ასატანი ჩემოდანი, ხოლო მეორე საშუალო ან დიდი ჩემოდანი, რომელსაც ბარგში ჩააბარებთ ხოლმე. ჩემოდნები განსხვავდება მოცულობით, მასალით, განყოფილებებით, ბორბლებით, ვიზუალებით… ამიტომ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეარჩიოთ თქვენთვის ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება თქვენს ცხოვრების სტილსა და მოგზაურობის მიზნებს.

2. არ წაიღოთ თან არაფერი ზედმეტი

ერთკვირიანი მოგზაურობისთვის არსებობს 5,4,3,2,1 წესი, რომლის დაცვაც თავიდან აგარიდებთ ზედმეტი ტანსაცმლის თან წაღებას. ჩაალაგეთ 5 გამოსაცვლელი თეთრეულის ნაკრები, 4 ზედა, 3 ქვედა, 2 ფეხსაცმელი და 1 ქუდი. ამ სიის მორგება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თქვენი საჭიროებისა და სეზონის მიხედვით. მაგალითად, ზამთარში აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ქურთუკის დამატება, ხოლო ზაფხულისთვის საცურაო კოსტიუმი აუცილებელი ნივთია. არ არის ასევე გამორიცხული დაგჭირდეთ გამოსასვლელი ტანსაცმლის წაღებაც. მაგრამ ძირითადი წესი არასდროს უნდა დავივიწყოთ.

3. გამოალაგეთ ყველაფერი, რისი წაღებაც გინდათ

შვებულებაში წასვლისას ყველას გვაქვს უსაზღვროდ დიდი სურვილი უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ თან უნდა გვქონდეს ბევრი ტანსაცმელი. გარდა ამისა, არ გვასვენებს ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა ზაფხულში მოთოვოს და ტემპერატურა 0-მდე დაეცეს. ამიტომ, აუცილებლად თან მოგვაქვს შალის სვიტრი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობისას. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი გამოუყენებელი ნივთების თან წაღება, საკმარისია ამ გეგმას მივყვეთ: პირველ რიგში, გამოალაგეთ ყველაფერი რისი წაღებაც გინდათ, კარგად გადახედეთ. გამორიცხეთ სეზონისთვის და მოგზაურობის მიზნისთვის ყოვლად შეუსაბამო ტანსაცმელი. ეცადეთ აარჩიოთ ერთი ფერთა გამა და მოგზაურობის პერიოდისთვის გათვლილი მთელი “გარდერობი” ამ ფერთა გამას შეუხამეთ. ასე ძალიან გაგიმარტივდებათ განწყობის მიხედვით, თან წაღებული ცოტა ტანსაცმლისგან, ბევრი სხვადასხვა იმიჯის შექმნა.

4. კარგად გამოიყენეთ ჩანთის სივრცე

როგორ ჩავალაგოთ ჩანთა ისე, რომ ყველაფერი ჩაგვეტიოს? პასუხი მარტივია – გამოიყენეთ ჩანთის სივრცე ისე, რომ არ დაკარგოთ არც ერთი სანტიმეტრი! ისეთი დიდი, მოცულობითი ნივთები, როგორც ფეხსაცმელი შეგიძლიათ ჩანთის ძირში დადოთ (არ დაგავიწყდეთ ასევე, რომ ფეხსაცმელი გვერდულად უნდა დაიდოს ქუსლი-წვერის პრინციპით). ბევრისთვის ძალიან მოსახერხებელია ტანსაცმლის შეხვევა. ამგვარად, საბაზისო ტანსაცმელი ნაკლებად იკუჭება და სივრცის სერიოზული ეკონომია გამოდის. ჩემოდნის ან ჩანთის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ განყოფილებებს. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც საუკეთესოდ ერგება მოგზაურობისას თქვენ მოთხოვნებს. მაშინ, როდესაც ზოგისთვის ბევრი განყოფილება უფრო მარტივია ნივთების დასახარისხებლად, ზოგს ერთიანი დიდი სივრცე ურჩევნია, სადაც განყოფილებებს თავად გამოყოფს, სპეციალური შესაფუთი ტომრებითა თუ ყუთებით.

5. კოსმეტიკა და ჰიგიენური საშუალებები მარტივად ხელმისაწვდომადად მოათავსეთ

არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კოსმეტიკის ჩანთა უნდა მოათავსოთ სხვა მოცულობით ნივთებთან ერთად ჩანთის ქვედა ნაწილში. მაგრამ აქ კიდევ ერთი დეტალი არის გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ გამგზავრებას თვითმფრინავით აპირებთ, უმჯობესი იქნება თუ კოსმეტიკას მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსებთ. ბარგის ჩაბარებისას, ან თუნდაც ხელბარგით მოგზაურობისას საკმაოდ ხშირია ჩემოდნის გახსნის შემთხვევები და საქმეს გაიმარტივებთ თუ მსგავს “პრობლემურ” ნივთებს ჩემოდნის გახსნისას მომენტალურად, მარტივად იპოვით.

6. ყოველთვის მზად გქონდეთ სამგზავრო კოსმეტიკის ჩანთა

თუ ხშირად მოგზაურობთ, არ ამოალაგოთ სამოგზაურო კოსმეტიკის ჩანთა. ყოველთვის მზად გქონდეთ წინასწარ ჩალაგებული, სისრულეში მოყვანილი ის ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც დაგჭირდებათ ყველგან სადაც არ უნდა წახვიდეთ. პირველ რიგში, ამით დაიზოგება უამრავი დრო, რადგან არ მოგიწევთ ყოველი მოგზაურობისას სიის შედგენა და გავლა, რომ არაფერი გამოგრჩეთ. გარდა ამისა, წინასწარ მომზადებული სამოგზაურო ზომის ჰიგიენური საშუალებები მარტივად ჩალაგდება და არ დაიხარჯება დიდი სივრცე, რომელიც ჩემოდანში ყოველთვის შეზღუდულად გვაქვს.

მზად ხართ ჩავალაგოთ ჩანთა მარტივად? გვეწვიეთ ფილიალებში და სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენთვის შესაბამისი სამგზავრო ინვენტარის შერჩევაში.

წყარო: https://regalia.ge/