Air Astana-ს შვილობილი „ლოუკოსტერი“ FlyArystan-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას 2020-2021 წლებისთვის განიხილავს. როგორც საქართველოში Air Astana-ს წარმომადგენელი ალან ატამკულოვი აცხადებს, FlyArystan-მა ოპერირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანია მხოლოდ შიდა რეისებზე იქნება ორიენტირებული, რათა ახალ კომპანიასა და ბრენდს ყაზახი მომხმარებელი შეეჩვიოს.
ატამკულოვის განმარტებით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ბაზარზე FlyArystan-ის შემოსვლის შემთხვევაში Air Astana-მ თბილისის მიმართულებით ფრენები შეაჩეროს და ბაზარი საკუთარ „შვილობილს“ დაუთმოს.
თუმცა თუ კი ბაზარზე ორივე ავიაკომპანიის ოპერირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ თუ რომელ მიმართულებაზე იფრენს FlyArystan-ი მოლაპარაკებების საგანია.
FlyArystan-ი რეგიონში საქართველოს გარდა აზერბაიჯანის ბაზარზეც გეგმავს შესვლას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან FlyArystan-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხი განიხილა.
„ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე.
მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.
“ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
FlyArystan-ი პირველი ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში იმუშავებს. Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია რეგულარული ავიარეისების შესრულება 2019 წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო. ავიაკომპანიის პარკი ამ დროისათვის მხოლოდ ერთ Airbus A320-ს აერთიანებს. 2022 წლის გეგმების მიხედვით კი FlyArystan-ს ავიაპარკში ოთხი ერთეული Airbus A320 იქნება.
FlyArystan-ი 2018 წელს შექმნილი ავიაკომპანაა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით დაფუძნდა.