ჰონგ-კონგის ავიაკომპანია Cathay Pacific Airway-ი საკუთარ 27 000 თანამშრომელს მოუწოდებს, რომ რიგრიგობით სამ კვირიან, უხელფასო შვებულებაში გავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ვიდეო მიმართვა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ავგუსტუს ტანგმა ჩაწერა და თანამშრომლებს გაუგზავნა. 

მისი თქმით, სიტუაცია ისეთივე რთულია, როგორც 2009 წელს ფინანსური კრიზისის დროს. The South China წერს, რომ ავიაგადამზიდავმა რეისების 90%-ი მატერიკულ ჩინეთში უკვე შეაჩერა. იდენტურ გზას დაადგა ბევრი ავიაკომპანია, თუმცა მსგავსი მოწოდებით თანამშრომლებისადმი მხოლოდ Cathay Pacific Airway-ი გამოვიდა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კორონავირუსის გავრცელებამდეც, Cathay Pacific Airway-ში მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ იყო.

როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რეისების გაუქმება დროებითი მოვლენაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Cathay Pacific Airway-ის მგზავრების რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში 50%-ითაა შემცირებული. 

Cathay Pacific Airway-მა რეისები გააუქმა 2003 წელს ეპიდემიის დროსაც.

“Cathay Pacific Airway-ის ფინანსური მაჩვენებლები რჩება ძლიერი. მიუხედავად დროებითი სირთულეებისა ჩვენ შევძლებთ ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხის შენარჩუნებას”, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.