აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა, ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე, ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა. Buta Airways-ის ბილეთების საძიებო სისტემაში კარგად ჩანს, რომ კომპანია ბილეთებს კვირაში მხოლოდ ერთ სიხშირეზე ყიდის. ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კი აზერბაიჯანული “ლოუკოსტერი” აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით ახდენდა. როგორც ჩანს ფრენები ყოველ კვირა დღეს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება კი 29 ევროდანაა.
შეგახსენებთ, რომ Buta Airways-მა ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებაზე პირდაპირი ავიარეისები 14 ივნისიდან დაიწყო.
Buta Airways-ი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავია, რომელმაც ფუნქციონირება და თბილისის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.