1-ლი ივლისიდან ბათუმსა ბაქოს შორის ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეისების განხორციელება კვირაში სამჯერ იგეგმება. გარდა ამისა, სამომავლოდ  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო ტრანსპორტის აღდგენაც იგეგმება, განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა ბაქოდან ბათუმის მიმართულებით რეისები 3 ივნისიდან განაახლა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე Buta Airways-ი კვირაში 2 სიხშირით ახდენდა ოპერირებას, ხოლო ივლისიდან სიხშირეების რაოდენობა სამამდე გაიზრდება. ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.