აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქოდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს. აღნიშნულის მიზეზი კი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ოპერირებას 14 მარტიდან წყვეტს.
ამ დროისათვის ფრენების შეჩერება 24 მარტამდე იგეგმება.
მგზავრებს, რომელთაც Buta Airways-ის ავიაბილეთები ქონდათ შეძენილი, ჯარიმის გარეშე, თარიღის შეცვლა ან ბილეთში გადახდილი ფულის უკან დაბრუნება შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.
შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.