შემოდგომა იწურება და ზამთრის დღეები იწყება. თურქეთში სად შეიძლება ამ დროს დასვენება და განტვირთვა? რა თქმა უნდა, ბურსაში, რომელიც ერთ-ერთი საყვარელი ტურისტული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. ბურსა თურქეთის მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, სავსე მონუმენტებით, მეჩეთებით და სხვა ძეგლებით ოტომანური ეპოქიდან. სტამბოლიდან მარმარილოს ზღვაზე ბორნები ხშირად დადიან, რის შემდეგაც ბურსამდე ავტობუსით მცირე მანძილის გავლა მოგიწევთ. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ და მოგიყვებით, თუ რის მონახულება შეგიძლიათ ამ საოცარ ქალაქში.
ყველასთვის ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო – Bursa Teleferik, რომელიც გზას ულუდაგის მთამდე აგრძელებს. ამიტომაც პირველ რიგში, გირჩევთ დასხდეთ ამ საბაგიროზე და დატკბეთ გაშლილი ხედით. გზად ულამაზეს ტყეებსა და მთებს დაათვალიერებთ, რაც ძალიან დაგეხმარებათ განტვირთვასა და სიამოვნებაში.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლიდან და ბურსადან ულუდაგამდე დიდი მანძილი არ არის და აქ ძალიან ადვილად შეძლებთ მოხვედრას. ულუდაგი თურქეთის ყველაზე დატვირთული სამთო კურორტია, რომელიც მრავალ საინტერესო თავგადასავალს გვთავაზობს. აქ ბევრი სათხილამურო ბილიკია ასარჩევად. აღჭურვილობები კი საკმაოდ თანამედროვე. სეზონი დეკემბერში იხსნება და მარტის ბოლომდე გასტანს, ამიტომ იჩქარეთ, რადგან სულ ცოტა დრო დარჩა ნოემბრის დასრულებამდე.
გაისეირნეთ ბურსას გარშემო სოფლის ხეივნებში
Cumalıkızık – ყველაზე ცნობილი სოფელია ოტომანური არქიტექტურით, რომელიც ბურსას გარს აკრავს, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრის მოშორებით. აქ ქვაფენილიანი ხეივნები სავსეა ძველი სახლებით. მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, აქ წარმოდგენილი სოფლები იუნესკოს დაცული ძეგლების სიაშია შესული.
აღსანიშნავია ბურსას დიდი მეჩეთი – Ulu Cami, რომელიც ქალაქის ცენტრალური ბაზრის არეალში მდებარეობს. ის მე-14 საუკუნით თარიღდება, ოტომანური იმპერიის დაარსების პერიოდიდან და მისი არქიტექტურა ფაქტობრივად, სელჩუკების სტილს ირეკლავს, სპარსული მეჩეთების გავლენით. მისი სახურავი 20 გუმბათისგან შედგება. თავდაპირველად აპირებდნენ რომ ამ ადგილას 20 მეჩეთი აეშენებინათ, შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ 20 გუმბათი 1 მეჩეთად გაეერთიანებინათ. აუცილებლად მოინახულეთ მისი მდიდრული ინტერიერი, რადგან იგი შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.
ასევე ბურსაში მევლევის კულტურული ცენტრი მდებარეობს, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს, მოვიდნენ და რელიგიურ ცერემონიალს – დერვიშების ტრიალს უყურონ. ის თითქმის ყოველ საღამოს ტარდება. ქალები ზედა აივნებზე თავსდებიან, კაცები კი ცეკვას დაბლიდან, იატაკზე მსხდომები უყურებენ. აუცილებელია ჩაცმის ეტიკეტის გათვალისწინება, მათ შორის თავსაბურავი. ცერემონია 30 წუთი გრძელდება. ზაფხულში იწყება 10-ის ნახევარზე, ხოლო ზამთარში 8 საათზე.
ასევე თუ გაინტერესბთ უძველესი ისტორიული შენობები, ბურსაში ჩასვლისას აუცილებლად უნდა ნახოთ ცენტრში მდებარე ციხესიმაგრე, რომელიც ძალიან კარგად არის შემონახული დღემდე. აღსანიშნავია, რომ მის სიახლოვეს მდებარე პარკიდან ულამაზესი ხედები იშლება, სადაც შეძლებთ ნახოთ უძველესი საათის კოშკიც.
ჩაწექით ჰამამში (თურქული აბანო)
თურქული აბანოთი სარგებლობა ბევრი ტურისტისთვის აუცილებელი აქტივობაა თურქეთში ჩასვლისას. ბურსაც ამ მხრივ დიდ არჩევანს გთავაზობთ. აქ საუკეთესო ადგილია თერმული სპა – Çekirge, 5 კილომეტრში ქალაქის ცენტრიდან. The Eski Kaplıca Hamam – მე-14 საუკუნიდან არსებობს. აქ მიიღებთ საუნის, მასაჟის, აუზის და მექისის საუკეთესო მომსახურებას.
აქვე გირჩევთ გაისეირნოთ ძველი ბიზანტიის მნიშვნელოვან ქალაქში – იზნიკში, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ადგილია. ეს ისტორიული დასახლება შეგიძლიათ ბურსადან ერთდღიანი ტურით მოინახულოთ.
აღსანიშნავია, რომ ბურსა მარმარილოს ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ულამაზესი სანაპიროთი გამოირჩევა. თუ ქალაქიდან აქ გაისეირნებთ, თქვენს წინაშე გადაიშლება დაუვიწყარი ხედი.
თურქეთში ჩამოსვლისას ალბათ იცით, რომ საოცარი სამზარეულო დაგხვდებათ. ბურსაც, ცხადია, გამორჩეულია ამ მხრივ. ტურისტები აქ უპირატესობას ანიჭებენ ქაბაბს იგივე, ბურსას ქაბაბს, რომელიც ყველასთვის ცნობილი კერძია. მისი დაგემოვნება კი შეგიძლიათ ქალაქის რესტორნებში, სადაც უგემრიელესი კერძების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
საბოლოოდ, სანამ ძალიან არ აციებულა, უნდა გირჩიოთ ქალაქ ბურსას მონახულება, სადაც გპირდებით, რომ დაუვიწყარ სიამოვნებას მიიღებთ.