„ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მანძილის სიმცირის მიუხედავად მგზავრობა ხანგრძლივი, მარშრუტი კი გრძელია. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ ჩვენს საჰაერო კომპანიებს, აღმოვფხვრათ ეს ნაკლოვანება ორმხრივი ან სამმხრივი ძალისხმევით, რეგიონში დაინტერესებული მესამე ქვეყნების ჩართულობით,” – განაცხადა ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ.

ქართველი მინისტრი ამჟამად ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც უხელმძღვანელებს საქართველო – ბულგარეთის სავაჭრო – ეკონომიკური და სამეცნიერო – ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომას, რომელიც 5 აპრილს გაიმართება.

„შეხვედრაზე ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ბულგარეთისა და საქართველოს შორის შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესების შესახებ, საბორნე გადაზიდვების განვითარებაზე როგორც მგზავრების, ისე მგზავრების გადაყვანის კუთხით, ასევე იმ სექტორების განვითარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის განვითარებასთან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ უკეთეს კავშირებზე, სპარსეთის ყურის დერეფნის განვითარებაზე შავი ზღვის გავლით, რადგან საქონლის თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა.