Brussels Airlines-მა ფრენის უფლების შესანარჩუნებლად ათასობით “ცარიელი” რეისი განახორციელა. ირკვევა, რომ Brussels Airlines-მა მიმდინარე ზამთარში თითქმის 3000 ცარიელი ან ნახევრად ცარიელი რეისი შეასრულა, რათა მსხვილ აეროპორტებში აფრენა/დაფრენის უფლება არ დაეკარგა.

ეს კი გამოწვეულია იმით, რომ საავიაციო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანია ვალდებულია თითოეულ აეროპორტში ოპერაციების გარკვეული პროცენტი განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეს უფლება გაუუქმდეს.

პანდემიის დაწყებამდე არსებული წესების თანახმად, ავიაკომპანიებს უწევდათ ფრენების განხორციელება დაგეგმილი აფრენა/დაფრენის მაჩვენებლების მინიმუმ 80%-ის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებართვის დაკარგვის რისკი არსებობდა.

თუმცა ეს მაჩვენებელი გადაიხედა და COVID-19-ის გავრცელების შემდეგ 50%-მდე დაიკლო, თუმცა ის მაინც ბევრად აღემატება ფრენების რეალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა დღეს არსებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად.

მიმდინარე მოვლენების ფონზე ბელგიის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანიების ოპერირების წესებს გადახედა და მოთხოვნების კიდევ უფრო შემსუბუქების პირობა დადო.

ცნობილია, რომ დაბალი მოთხოვნის ფონზე Lufthansa მარტის ბოლომდე დაახლოებით 33,000 დაგეგმილი რეისის გაუქმებას გეგმავს.