ლონდონის მიმართულებით ფრენების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და British Airways-ის წარმომადგენლები ბოლო ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლეში მათ სხვადასხვა შეხვედრა გამართეს და ადგილზე გაეცნენ თბილისის აეროპორტის სერვისებს.
British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს წარმომადგენლებს. მათ გაცვალეს ინფორმაცია და მოთხოვნები საოპერაციო და სახმელეთო მომსახურების ნაწილში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანიის თანამშრომლებს TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.
British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება.