კოვიდ პანდემიის დასრულებასთან ერთად მსოფლიოში საჰაერო გადაყვანაზე მოთხოვნა იზრდება. 2022 წელს გლობალური ავიაცია საკმაოდ დიდ პრობლემად გადააწყდა, რადგანაც ავიაკომპანიების თუ აეროპორტების უმეტესობა არსებულ მოთხოვნას ვერ უმკლავდებოდა. ამის მიზეზი კი პერსონალის დეფიციტი გახდა. ავიაკომპანიები, რომლებიც ინტენსიურად აახლებენ თუ ამატებენ კადრებს, დღეს უკვე აქტიურად მუშაობენ პერსონალის ზრდაზე, რათა 2023 წლის ტურისტულ სეზონზე იგივე პრობლემები არ წარმოიქმნეს, რაც 2022 წელს იყო.
როგორც AviaNews-თან ინსტრუქტორი- ბორტგამცილებელი ნინო მწითური აცხადებს, ავიაკომპანიების მხრიდან პერსონალის შევსებაზე ინტერესი დიდია და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და უცხოური ავიაკომპანიები საქართველოშიც ეძებენ კადრებს. უფრო დეტალურად რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მხრივ და როგორია კადრებზე მოთხოვნა და შესაბამისად მიწოდება, AviaNews-თან ინსტრუქტორი – ბორტგამცილებელი ნინო მწითური საუბრობს:
– უცხოური ავიაკომპანიების მხრიდან რამდენად მზარდია საქართველოში კადრების მოძიება და ძირითადად რა მიმართულებებზე ცხადდება საქართველოში ვაკანსიები?
– საქართველოში გასაუბრების სიხშირე სულ უფრო იმატებს. ავიაკომპანია Emirates-ი 4 თებერვალს ზედიზედ მეოთხედ ჩაატარებს ღია კარის დღეს თბილისში, ბორტგამცილებლის პოზიციაზე. საქართველოდან საბუთებს იღებს ერთ-ერთი მაღალი დონის ავიაკომპანია Etihad Airways-იც და იმედია თბილისსაც მალე ეწვევიან გასაუბრებისთვის. იგივე მოლოდინებია Qatar Airways-ზეც.
მსგავსი ავიაკომპანიები ძალიან კარგი შანსია ახალგაზრდებისთვის. ისინი გიქმნიან კარგ სამუშაო პირობებს და გაქვს შესაძლებლობა მუშაობასთან ერთად იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო. გასაუბრებები უამრავ ქვეყანაში ტარდება და ჩემი მიზანი იყო საქართველოც მათი ხშირი მასპინძელი გამხდარიყო.
– თქვენი დაკვირვებით თავად საქართველოში რამდენად არის ინტერესი ავიაციის სფეროს მიმართ, ვგულისხმობ დასაქმდნენ უცხოურ ავიაკომპანიებში, გამოცხადებული ვაკანსიებიდან რაც საქართველოზე ცხადდება თუ ხდება კვოტების შევსება?
-საზოგადოებაში ინტერესი ძალიან დიდია. ზუსტად ესაა ავიაკომპანიების ხშირი სტუმრობის მიზეზი.
პირადად დიდი ძალისხმევა ჩავდე ინფორმაციის გავრცელებაში, რათა უფრო მეტ ხალხს გაეგო ამ შესაძლებლობაზე. ინსტაგრამ გვერდზე @get_your_wings ვაცნობ ინფორმაციას და სპეციფიკურ დეტალებს გასაუბრების შესახებ. ავიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოების ინტერესი, არამედ ისიც თუ რამდენად მომზადებული არიან კანდიდატები გასაუბრებისას, რამდენად ითვალისწინებენ წესებს. ამ გასაუბრების დადებითი მხარე ისაა, რომ უარის მიღების შემთხვევაში 6 თვეში კვლავ შეიძლება ცდა, ეს მათთვის მისასალმებელია. მათი თანამშრომლების 80%-ი მეორე და მეტი ცდიდან არის მოხვედრილი, ამიტომ ამ კომპანიების ხშირი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორია დღეს სახელშეკრულებო პირობები, რომელსაც ავიაკომპანიები საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ, ესაა მცირე ხნიანი კონტრაქტები თუ გრძელვადიანი? და საერთოდ როგორ ხდება კადრების აყვანა, ვთქვათ პიროვნება აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც მაგალითად ბორტგამცილებელს მოეთხოვება. ამის შემდეგ ტრენინგები სად და რა ვითარებაში ტარდება და როდის ეუბნებიან დასაქმების მაძიებელს, რომ აყვანილია ამა თუ იმ პოზიციაზე, ანუ ვგულისხმობ, რამდენად ხდება ამ ავიაკომპანიების მხრიდან დასაქმებულის ინტერესების თუ უფლებების დაცვა.
– გასაუბრების შემდეგ, ძირითადად საკმაოდ მალე უკავშირდებიან. ავიაკომპანია Emirates-ს ერთ კვირაშიც წაუყვანიათ არჩეული კანდიდატები. მგზავრობის, ცხოვრების და სწავლების ხარჯებს ავიაკომპანია ანაზღაურებს. სწავლება დაახლოებით 8 კვირა გრძელდება,რის დროსაც ავიაკომპანია იხდის ხელფასსაც პირადი ხარჯებისთვის. ფრენის დაწყების შემდეგ 6 თვე გამოსაცდელი პერიოდია. კონტრაქტები კი 3 წლიანია. ავიაკომპანია დიდ დროს და რესურსს ხარჯავს ეკიპაჟების მომზადებაში, ასე რომ კადრების წახალისება და შენარჩუნება მათი ინტერესი და ზოგადი კომპანიის პოლიტიკაა.
– როგორია თქვენი შეფასება და პროგნოზები 2023 წლის სეზონისთვის, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისთვის, რომ ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს?
– 2023 წელი ძალიან კარგად დაიწყო. Emirates-ს დაგეგმილი აქვს ღია კარის დღე. ასევე ველოდებით Etihad Airways და Qatar Airways-ის ჩამოსვლას. დადებითად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნებში მოქალაქეობის მიღება შეუძლებელია, წასული კანდიდატები, ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან საქართველოში და ვიმედოვნებ მიღებულ შეუფასებელ გამოცდილებას ჩამოიტანენ და მოახმარენ ამ პროფესიის განვითარებას.